ახალი ამბები
აქციის წევრები გორის ცენტრისკენ გადაინაცვლებენ
გორის პოლიციამ ხელთუბნელებს ავტომაგისტრალის გადაკეტვის უფლება არ მისცა. ამის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

დაზარალებული ოჯახის წევრები და საპროტესტო აქციის მონაწილეები, გორის ცენტრისკენ მიდიან.

ისინი თორნიკე მერებაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი, 18-წლის თორნიკე მერებაშვილი სავარაუდოდ მოკლულია. ამის შესახებ გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა - ,,დაჭრილი ვარო". შემდეგ კი, სასწრაფოს ნომერი მოუთხოვია. პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ ბიჭს დედამ დაურეკა, რაზეც თორნიკემ უპასუხა, რომ სახლში მიდიოდა. შემდეგ კი, იგი აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

,,მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ „უპოდლა“. სასწრაფო როცა მივიდა და წაიყვანა, დამნახავები არიან, ბავშვი სუნთქავდა. ბავშვი, როცა წაიყვანეს ასე მითხრეს მე მერე, რომ შემოყვანის დროიდან ეგ ბავშვი აღარ იყოვო,“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

იმ დღით, თორნიკე მერებაშვილი ნაკვეთში მეგობრებთან ერთად მუშაობდა. საღამოს კი, პურის საჭმელად გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

18-წლის ბიჭის ცხედარი გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს. რა სახის დაზიანებები აღენიშნება გარდაცვლილს, ამის თაობაზე, ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები