ახალი ამბები
შსს-ს ვერსიით, თორნიკე მერებაშვილს მიკროავტობუსი დაეჯახა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით ან რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები