ახალი ამბები
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
ბოლო ორი წელია, უფლისციხეში ტურისტების რაოდენობა არ იკლებს. ამის მიზეზად საქართველოში ცნობილი გიდი, სტალბერ თათრიშვილი მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას უკავშირებს. მისი თქმით, უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.

,,ბუმი შარშან დაიწყო და არ გაჩერებულა. არც ერთ სეზონზე, არც შემოდგომით და არც ზამთრით. 6 გიდი ვმუშაობთ და სამუშაო ძალიან ბევრია." - ამბობს სტალბერ თათრიშვილი. ჩვენ მას იმ დროს ვესაუბრეთ, როდესაც ნორვეგიიდან და კორეადან ჩამოსული ჯგუფი საკუთარი მარნიდან გააცილა.

ტურისტების რაოდენობამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა კაფეები, დადგეს ფაცხები, გასაქირავებელი მაგიდები, მოსახლეობამ გასაყიდად გამოიტანა ხილი. ზაფხულის პერიოდში აქირავებდნენ ცხენებს.

დიმა მირუაშვილი ერთ-ერთია იმ ადგილობრივებიდან, რომლებიც წელიწადზე მეტია უფლისციხეში მუშაობს. ის ერთ-ერთ კვების ობიექტზე ტურისტებს ემსახურება. ყველაზე მეტად ინგლისური ენის ცოდნა ეხმარება. ამბობს, რომ საკმაოდ საინტერესო და კომფორტულია სტუმრებთან ურთიერთობა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან უწევს ურთიერთობა.

,,ახლა უკვე აღარ მიკვირს ის ფაქტი, რომ აქ ჩამოდიან სინგაპურიდან, კორეადან, არგენტინიდან. თავიდან ეს მართლაც გასაკვირი იყო. ეს ორი წელია, რაც აქ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. შეიცვალა ცხოვრება არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ თვითონ მუზეუმისთვისაც. მოეწყო ინფრასტრუქტურა - სკვერები, განათებები, გვიანობამდე აქ სეირნობენ, რჩებიან და ა.შ. სულ სხვა სურათია აქ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო" - ამბობს დიმა მირუაშვილი.

პრობლემამ, რომელმაც ამ ბოლო ხანებში თავი იჩინა, ადგილობრივი ვიზიტორების შემცირება წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც კახეთში სკოლის მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, სკოლის მოსწავლეების ექსკურსიების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. ავტოსადგომის ტერიტორიის მოწესრიგების შემდეგ კი, ქვახვრელელებს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დახლები რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაატანინეს
.

2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ახალი ბილეთები დაბეჭდა. ყველაზე მეტი ბილეთი უფლისციხისთვის დამზადდა - სულ 281 000 ბილეთი. აქედან, 7-ლარიანი ბილეთის რაოდენობა - 250 000 ცალი; 1-ლარიანი ბილეთის რაოდენობა 30 ათასი იქნება, ხოლო 1000 ბილეთი - გიდის მომსახურებისთვის.

რაოდენობის მიხედვით, შემდეგ მოდის ვარძია, სულ 112 500 ბილეთი. აქედან, 100 ათასი ცალი არის 7-ლარიანი, ხოლო 10 ათასი ცალი - 1-ლარიანი. აქ 2500 ბილეთი იქნება გათვალისწინებული გიდებისთვის. გიდების მომსახურების ფასი განსაზღვრული არაა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები