ახალი ამბები
დე-ფაქტო მთავრობის მიერ დაპატიმრებული მაია ოთინაშვილის ოჯახი ციხელაშვილმა მოინახულა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ბობნევიდან (ახალი ხურვალეთი) გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებს მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთელი ძალისხმევა მობილიზებულია, რათა მისი გათავისუფლება მოხერხდეს.

„დღის განმავლობაში ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა და კვლავ იგეგმება. ამიტომ გარკვეული ინფორმაციის მოლოდინია. ბოლოს ცხელი ხაზი დაახლოებით ერთი საათის წინ გააქტიურდა და ვიცით, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროცესში ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ისინი ოჯახის წევრებთან ხაზზე არიან. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ის ე.წ. პროცედურებიც, რომლებიც უკანონო დაკავებების შემთხვევაში ხდება ხოლმე. სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ დასტურდება. ამ ყველაფერში ძალიან აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ინფორმაცია აქვთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც. ყველა არხი, რაც ასეთ ვითარებაში ჩვენს ხელთაა, გააქტიურებულია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მაია ოთინაშვილს წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით შეეფარდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. სასამართლო არსებით განხილვას ბევრად ადრე ჩაატარებს.

მაია ოთინაშვილს, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა, ბრალი ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მიხედვით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წაუყენა. დაკავებულის დედის, გალინა ქელეხსაევის თქმით, ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას.

37-წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს სოფელ ახალ ხურვალეთში დააკავეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი სამხედროები ოთინაშვილის საცხოვრებელი სახლის ნაკვეთთან იყვნენ ჩასაფრებულები. სამხედროებმა ქალბატონი მისსავე ნაკვეთში დააკავეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები