ახალი ამბები
,,ვედროს დამხობისთვის" გამოძიება უმწეოს, არასრუწლოვანის და ორსულის ცემის მუხლით მიმდინარებს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს ფაქტზე, რომელიც დღეს გორის მერიის შენობის წინ მოხდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ვედრო თავზე დაამხო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი განმარტებულია შემდეგნაირად:

ძალადობა ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ,,გ" ქვეპუნქტის დარღვევა იკვეთება - ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. 112-ე მიღებული შეტყობინების მიხედვით, პოლიციას განუცხადეს, რომ ქმედებას ადგილი ჰქონდა ყველა წევრის მიმართ.

გიგა მაქარაშვილი სამოქალაქო აქტივისტია. დღეს, ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს, შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის ორგანიზატორები კოტე თავზარაშვილის გადადგომა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვეს.

საქმე ეხება 2 დღის წინ დევნილთა დასახლებაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

მოგვიანებით, გიგა მაქარაშვილი პატრულმა, ტერიტორიის დანაგვიანების გამო, დააჯარიმა. აქციის მონაწილეებმა თემურ მანველიშვილის დასჯასაც მოითხოვეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები