ახალი ამბები
რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ობიექტის უფროსი და მისი თარჯიმანი დააკავეს
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს. დაკავებულები არიან 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. პრეს-სამსახურის ცნობით, ოპერატიურლი ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად, ჩაატარეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს."

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები