ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი: ,,დაპირებები ვერ შევასრულეთ დროულად" (VIDEO)
გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მარცხი გამოწვეულია ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების დროული ვერშესრულების გამო. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას, ასევე, აკლდა მობილიზება, რომელიც მომდევნო, მეორე ტურისთვის აუცილებლად გამოსწორდება.

,,გაერთიანებული ოპოზიციის" წარმოდგენილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მობილიზებული ჰქონდა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ამომრჩეველმა ღირსეული არჩევანი გააკეთა. 

,,ევროპული საქართველოსა" და ,,შენების მოძრაობის" შტაბში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი დარღვევა მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შეინიშნებოდა.

გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები