კომპანია, რომელიც გორში სკვერს აკეთებდა, აღარ ჩანს
გორში, კომბინატის დასახლებაში, სკვერის მოწყობა 2019 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მხოლოდ ბეტონის ფილები დახვდა.

მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია და მისი მუშები დიდი ხანია არ გამოჩენილან.

როგორც qartli.ge-მ გაარკვია 2019 წლის 13 მარტს ტენდერში კომპანია ,,მადლო 2019"-მა გაიმარჯვა. სამუშაოებისთვის 43 800 ლარი იყო გაითვალისწინებული.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ხარვეზები ორ კვირაში შეამჩნიეს. 3 აპრილს ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, კომპანია გეგმა-გრაფიკს ჩამორჩებოდა. ამის შემდეგ, მერიამ კომპანიას მორიგი გაფრთხილება 16 აპრილს, მესამე კი, - 20 მაისს მისცა.

საბოლოოდ, მერიის ცნობით, ,,მადლი 2019" შავ სიაში 2019 წლის 17 ივლისს მოხვდა. ,,მადლი 2019"-ის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. წინასწარი ინფორმაციით, კომპანია მერიისგან ავანსის სახით თანხის ჩარიცხვას ელოდებოდა.

ტენდერების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას გააჩნდა სწორედ ის რისკი, რომ მუშაობას იწყებდა საავანსო თანხის გადახდის შემდეგ.

შპს ,,მადლი 2019" დაფუძნდა 2019 წლის იანვარში. 7 თვეში მონაწილეობა მიიღო 10 ტენდერში, სადაც მხოლოდ 2 ტენდერში გაიმარჯვა. ერთი გორში და მეორე ტყიბულში. კომპანიის იურიდიული მისამართია ცაგერი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები