გორში ახალი ,,ზებრები" დაიხაზება
ქალაქის ქუჩებში ზებრა-გადასასვლელების დახაზვის მიზნით, გორის მერია ტენდერს აცხადებს. თავზარაშვილის უწყებას აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 350 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც qartli.ge-ს მერიაში განუცხადეს, კომპანიამ ზებრები ცივიპლასტით და თერმოპლასტით უნდა დახაზოს, რომელსაც სამწლიანი საგარანტიო ვადა ექნება.

„ტენდერის გამოცხადების ვადა გუშინ ამოიწურა, ახლა მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა. სამუშაოები იმ ადგილებში განხორციელდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით არ მომხდარა გადასასვლელების დახაზვა“,-გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დახაზული ზებრები ერთ თვეზე მეტია გაუფერულებულია. qartli.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მათთვის მერიას პრობლემის შესახებ არ უცნობებია.

„კონტრაქტორი კომპანია ვალდებულებას იღებს ერთი წლის განმავლობაში პრობლემა გამოასწოროს თუმცა, სამუშაოები მას შემდეგ განხორციელდება რაც, მერია მოგვმართავს,“-გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ელიტ ტექნოლოჯმა“ 26 ივნისის ღამე განახორციელა. ზებრები დახაზვიდან ორ კვირაში წაიშალა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გორში ძლიერი წვიმა მოვიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები