რესტორან ,,მზიურის" ადმინისტრაციის გამოხმაურება ჩხუბის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რესტორანი ,,მზიურის" ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს.

საქმე 2016 წლის 27 იანვარს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრების მიერ 5 პირის დაკავებას ეხება. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ახალგაზრდებს ჩხუბი რესტორანში მოუვიდათ და შემდეგ გამოცხადებულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. 

მართალია, სტატიაში მითითებულია, რომ მასალის მომზადებისას ჟურნალისტებს რესტორანი დაკეტილი დახვდათ, თუმცა ინფორმაცია მათი პოზიციის დაფიქსირების გარეშე გავიდა.

,,გვინდა განვმარტოთ, რომ ჩხუბი რესტორანში არ მომხდარა. პოლიციამ ისინი რესტორნის გარეთ დააკავა. როგორც კი რესტორნის ადმინისტრაციამ შეამჩნია, რომ აგრესიული ახალგაზრდები რესტორანში მყოფ სხვა პირებს სიმშვიდეს ურღვევდნენ, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი შენობიდან გაგვეძევებინა. უსაფრთხოების მიზნით კი სამართალდამცავები გამოვიძახეთ. ვთვლით, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს დაწესებულებას იმიჯს ულახავს. რაც შეეხება ფოტოზე დაფიქსირებულ ჩამტვრეულ მინას, ეს მინა 27 იანვარს არ ჩამტვრეულა. ის სექტემბერში ჩაიმტვრა და ამ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს" - განგვიცხადეს რესტორან ,,მზიურის" ადმინისტრაციაში.

იხ. ამავე თემაზე: ,,ჯგუფური ჩხუბი გორში - დაკავებულია 5 პირი"

Print

სტატიის გამოყენების პირობები