საკრებულოს თავმჯდომარეს ავიაბილეთის თანხის უკან დაბრუნებას სთხოვენ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ილია მეტრეველს, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 908 ლარის უკან დაბრუნებას სთხოვენ.

ამის შესახებ პრეტენზია საკრებულოს წევრმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილმა გამოთქვა.

ილია მეტრეველის სახელზე აღებული ავიაბილეთი, თბილისი-გდანსკის მიმართულებით, 2016 წლის 17-23 აპრილით თარიღდება.

პომორსკიეს რეგიონში მიწვეულ საქართველოს დელეგაციას 17 აპრილს ილია მეტრეველი არ გაჰყვა, რადგან  მიიჩნია, რომ გორი ხელმძღვანელის გარეშე დარჩებოდა.

,,ჩემი წასვლა უფრო მეტი ხარჯი იქნებოდა, ვიდრე აქ დარჩენა. გარდა ამისა, დელეგაციაში გორიდან სხვა ხელმძღვანელი პირებიც მიდიოდნენ და, ფაქტობრივად, ქალაქი უპატრონოდ რჩებოდა" - განაცხადა ილია მეტრეველმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.

თამარ თედლიაშვილმა პრეტენზია სწორედ ბიუროს სხდომაზე გამოთქვა. ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.

გორის მერიის მრჩევლის შალვა ტლაშაძის თქმით, პომორსკიეს რეგიონში საქართველოს რამდენიმე ქალაქის თვითმმართველობის წევრები გაემგზავრნენ.

,,გაუგებარია იმის თქმა, რომ თითქოს იქ წასვლით ბიუჯეტს ხარჯები გაეზრდებოდა, რადგან პოლონეთში ვიზიტი, ავიაბილეთების გარდა, მთლიანად პოლონური მხარის მიერ დაფინანსდა. მოვაწყეთ შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათთან სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენ ქალაქებში განხორციელდება" - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

რაც შეეხება ილია მეტრეველის ბილეთს, შალვა ტლაშაძის თქმით, ბილეთთან ერთად, ბიუჯეტიდან ილია მეტრეველის ,,ჩეკ ინ"-ის თანხაც, 150 ლარი ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

ჯამში, უკან დასაბრუნებელი თანხა 1050 ლარია. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები