ბლოგი
გორის მერობის კანდიდატები სტუდენტ ბლოგერებთან და გამოხმაურება მათ ინიციატივებზე (Video)

სტუდენტების მიერ 12 ვიდეობლოგი და ერთი ტექსტური ბლოგი მომზადდა. ვიდეო მიმართვების საშუალებით სტუდენტებმა კანდიდატებს 2-2 ინიციატივა შესთავაზეს იმის შესახებ, თუ რა სურთ რომ მომავალმა მერმა გააკეთოს. სულ 26 ინიციატივა, აქედან დაემთხვა სტუდენტთა დასაქმების და სპორტული მოედნების მოწესრიგების 3 ინიციატივა.

რაც შეეხება დანარჩენ ინიციატივებს, ესენი ეხებოდა: ახალგაზრდებისთვის გასართობი ღონისძიებების, სკვერებში უფასო ინტერნეტის, მაწანწალა ძაღლების პრობლემის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსების, სტალინის ძეგლის აღდგენის, ლიფტების, ტროტუარების მოწესრიგების, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის შეღავათების, სტუდენტთა დასაქმების, ტრანსპორტის, ბიბლიოთეკების და ა.შ. საკითხებს.

თითოეულ მათგანზე მერობის კანდიდატებმა თავიანთი პირობა დადეს. კოალიცია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში და მერის რანგში მომავალ შეხვედრაზე ყველა ამ საკითხზე ინიციატორების ავტორები დადებით პასუხს მიიღებენ. ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა არჩილ საბიაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასური სახელმწიფოსგან ანაზღაურებული იქნება; ერთიანობის დარბაზის კანდიდატმა თამაზ მაყაშვილმა თქვა, რომ დაწესდება ,,მერის სტიპენდია”; ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ თქვა, რომ თითოეული პრობლემა მერთან ხშირი კომუნიკაციის და ახალგაზრდებთან თანამშრომლობის შედეგად გადაწყდება.

რაც შეეხება სტალინის ძეგლს, მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ მისი აღდგენა მუზეუმის ტერიტორიაზე შესაძლებელია, ხოლო ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, თუ გორელების სურვილი კვლავ იქნება მისი აღდგენის საკითხი, ის ისეთ ადგილს შესთავაზებს საზოგადოებას ძეგლის დასადგმელად, რომ იგი ყველასთვის მისაღები იქნება.

გორში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებუს სტუდენტებს პროექტში „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მონაწილეობა ერთი თვის წინ შესთავაზეს. პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც მედიაექსპერტი ია ანთაძე ხელმძღვანელობს.

ბლოგები და ვიდეობლოგები გამოქვეყნდა საიტზე www.Qartli.gE (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი). მომზადებული ბლოგები მონაწილეობას მიიღებს მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთ ქალაქში შექმნილი ბლოგების საერთო კონკურსში და გამარჯვებულები თბილისში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდებს სტიმული შეუქმნან, რათა საკუთარ როლზე, საკუთარ ქალაქზე და ცვლილებებზე იფიქრონ. ასევე დაეხმაროს სტუდენტებს, რომ არჩევნების შემდეგ რეალურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

იხ. უფრო ვრცლად ვიდეო:

მასალა მომზადებულია პროექტის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები