ბლოგი
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრის შედეგები

 

ბლოგი მოამზადეს: ლექსო კაპანაძემ და დავით ყაზარაშვილმა

 

ასეთი მოსამზადებელი პირველი სამუშაო დღე 2014 წლის 24 დეკემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ საკითხების შერჩევა-მომზადების პროცესში დასახმარებლად ექსპერტი თამარ მოსიაშვილი გაგვაცნო. პირველი სამუშაო დღე სწორედ ქალბატონ თამართან ერთად გავიარეთ.


თამარ მოსიაშვილმა ჯგუფს მისცა მიმართულება, თუ როგორ უნდა შერჩეულიყო პრობლემური საკითხები პრიორიტეტის მიხედვით. ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. თითოეულ ჯგუფში დისკუსიის შემდეგ შეირჩა ქალაქისთვის პრობლემური საკითხები. ჯგუფებს შიგნით საკითხები სიღრმისეულად, შესაბამისი არგუმენტებით დამუშავდა. თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა საკუთარი შედეგები. პრეზენტაციის დროს მრავალი იდეა წარმოიშვა და საერთო ჯგუფში რამდენიმე საკითხზე აზრები ორად გაიყო. ის საკითხები, რომელთა გადაჭრა ამ ეტაპზე გადაულახავ პრობლემებს მოიცავდა, ან მერის კომპეტენციებს სცილდებოდა, საკითხების ნუსხიდან ამოღებულ იქნა.


ორი დღის შემდეგ, 26 დეკემბერს, მეორე სამუშაო შეხვედრა გამომძიებელ ჟურნალისტთან ნინო ზურიაშვილთან შედგა. მოწვეულმა სპეციალისტმა სამოტივაციო ჯგუფის წევრებს თითოეულ საკითხზე ინფორმაციის მოძიება-დამუშავება შეასწავლა, გააცნო ის საინფორმაციო ოფიციალური მონაცემთა ბაზები (ინტერნეტ-პორტალები), რომლებიც ჯგუფის წევრებისთვის სამუშო პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ნინო ზურიაშვილთან შეხვედრისას ჯგუფმა შეისწავლა, როგორ დაიგეგმოს კონკრეტული საქმიანობა.


ორდღიანი მუშაობის და დისკუსიის შემდეგ ჯგუფი შეჯერდა სამ ძირითად პრობლემაზე: 1.WI-FI ზონებზე ქალაქ გორში; 2. საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე; 3.საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დროის გაზრდაზე.


მონაწილეებმა გადაინაწილეს სხვადასხვა დავალება. თითოეულ ახალგაზრდას კონკრეტული საკითხის ძირეული შესწავლა დაევალა. საინიციატივო  ჯგუფმა დაიწყო დამოუკიდებელი მუშაობა და ძალ-ღოენეს არ ვიშურებთ ჩვენს წინ მდგარი პრობლემების გადასაჭრელად. ორი სამუშაო დღე იყო ნაყოფიერი და ინფორმაციით გაჯერებული.



ბლოგი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები