გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 1973 წელს დაბადებული მამაკაცი
მოკლეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა
სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული 29 წლის ადგილობრივი
მკვიდრია, თანაც გარდაცვლილის მეზობელი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ა. ჯ. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ
რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით
სასიკვდილო ჭრილობა აწ გარდაცვლილს, თანასოფლელს მიაყენა და
მიიმალა.
დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის
რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით
გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციის მტკიცებით, ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის
იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული
აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
მომხდარს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
ჯერჯერობით, უცნობია, იცავს თუ არა ბრალდებულს ადვოკატი.
სტატიის გამოყენების პირობები