ქვიშხეთში გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
ქვიშხეთში აქციები ხვალიდან განახლდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

ამის შესახებ qartli.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან გუდაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ და პროპკავშირებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრუდლა.

ჩინური კომპანია უარს ამბობს მუშებისთვი დღიური ხელფასის 10 ლარით გარზრდაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე.

„ჩვენ ვითხოვდით ხელფასის 10 ლარით გაზრდას, ეხლა 20 ლარი გვაქვს დღიურად და ვითხოვთ 30 ლარს. ვერ შედგა ჩვენ შორის მოლაპარაკება და ამიტომ, ხვალიდან განახლდება აქციები.

ჩინელებს არ შევუშვებთ გვირაბში და ისინი ვეღარ შეძლებენ სამუშაოების გაგრძელებას იქმადე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“-გვეუბნება გუდაძე.

მიმდინარე პროცესებზე საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენელი პასუხიმგებლობას რკინიგზის დეპარტამენტს აკისრებს.

ილია ლეჟავა აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ გაფიცულების სამართლებრივ მხარდაჭერას და ხვალინდელ აქციასაც დაესწრებიან.

,,საქართველოს რკინიგზას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაში, რომ შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ შემოიყვანა ქართულ ბაზარზე. მუშების მოთხოვნები არის ლეგიტიმური. მათ ინტერესების დაცვას აუცილებლად გავაგრძელებთ.“

შეგახსენებთ, რომ 60 მუშა, რომლებიც ქვიშხეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშაობენ, ოთხი დღის წინ გაიფიცნენ.

ისინი დამსაქმებელ კომპანიას საქართველოს შრომის კოდექსის დაცვას და ხელფასის 10 ლარით გაზრდას სთხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები