გორის მუნიციპალიტეტში რუსი ტურისტების კლების ტენდენცია შეინიშნება
ბოლო შვიდ თვეში, გორის მუნიციპალიტეტში 282 723 ტურისტი შემოვიდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს.

მიმდინარე წლის იანვარში გორს 9089 ტურისტი ეწვია, თებერვალში 8545, მარტში 21 553, აპრილი - 46 541, ივნისში 68 710, ხოლო ივლისში 55 977.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე qartli.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი მცირედით, თუმცა მაინც შემცირებულია.

მაღლაკელიძე ტურისტების კლების ტენდენციას რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირებს.

საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, რუსულ ავიაკომპანიებს მგზავრების საქართველოში გადაყვანა ეკრძალება.

,,ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირდა ტურისტების ნაკადი. ჩემი ვარაუდით, კლების ტენდენცია რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ცნობილ მოვლენებს უკავშირდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით ნამდვილად არის შემცირებული ტურისტების შემოსვლა. იმედი გვაქვს, რომ სექტემბერი-ოქტომბრის თვეში მეტი ვიზიტორი გვეყოლება და გაუტოლდება წინა წლის მაჩვენებელს,“-განაცხადა რობერტ მაღლაკელიძემ.

მისვი ინფორმაციით, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტს 462 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

მხოლოდ გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიდმინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით სულ 19 148 ვიზიტორმა მიმართა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, საინფორმაციო ცენტრის მომსახურეობით 782 ტურისტით მეტმა ისარგებლა.

სანფორმაციო ცენტრში გვეუბნებიან, რომ ვიზიტორთა ხუთეულის სათავეში ისევ რუსეთია, თუმცა, გასულ თვეში ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვალა.

კერძოდ, თუ ივნისში გორის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრს რუსეთის ფედერაციის 1768 მოქალაქემ მიმართა, ივლისში ეს მაჩვენებელი 441-მდე დაეცა.

გორის მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა ხუთეულში მეორე ადგილს იკავებს პოლონეთი, მესამეს გერმანია, მეოთხეს ისრაელი, მეხუთეს კი ჩეხეთი.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართელოში ვიზიტს და მის მიერ, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წარმართვას ქართული საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, 21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გადაყვანას უკრძალავს. გარდა ამისა, რუსულ ტუროპერატორებს „ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც ფაქტობრივად საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები