ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა - IPRM-ის შეხვედრა კვლავ არ გაიმართება
უშედეგოდ დასრულდა მე-5 ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში, რომელიც დღეს გამყოფ ხაზთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართა. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აღნიშნავს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაცია კვლავ უსაფუძვლოდ ითხოვს ქართული საგუშაგოს გაუქმებას.

ანთაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოსური მხარის პოზიციისა, წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგო კვლავ დარჩება. ხვალინდელი გეგმიური შეხვედრა, სწორედ, ამის გამო არ გაიმართება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2019 წლის 20 აგვისტოს შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი საგუშაგო უკანონოა და დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული. ცხინვალი არ აპირებს ასევე საკუთარი საგუშაგოების აღებას, რომელიც მან საპასუხოდ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მოაწყო.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული და ოსური საგუშაგოები ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით, გამყოფი ხაზიდან 1,5 კმ მანძილზე განათავსეს.

2 ოქტომბერს დაგეგმილი იყო ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე ოთხმხრივი შეხვედრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები