ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩის მცხოვრებლები სანიაღვრე არხის მოწყობასა
და ასფალტის დაგებას ითხოვენ. მათი თქმით, ქუჩა, სადაც 30-მდე ოჯახი
ცხოვრობს მცირედი წვიმის დროსაც კი იტბორება და გავლა შეუძლებელია.
მოსახლეობა ხაშურის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
,,ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას. წვიმის დროს ქუჩაში ვერ გახვალ ისეთი
ტალახი და გუბეებია. ღობეზე უნდა დაეკიდო, იწვალო და როგორღაც ასე თუ
გახვალ. გუბეები წყლით რომ გაივსება, შემდეგ ჩვენი სახლის ეზოებში
შემოდის. ასე ვართ უკვე 6 წელია. ’’ - გვიყვება მურად ბირკაძე,
რომელიც სულავას ქუჩაზე ცხოვრობს.
სულავას ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხაშურის მერიას პრობლემის
მოგვარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა არავინ
დაინტერესებულა. ხოლო თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, არჩევნებს აღარ
დაელოდებიან და პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
,,პრობლემის მოსაგვარებლად 3-ჯერ მივწერეთ. ისინიც წერილობით
გვპასუხობენ და სულ ესაა. საქმეს არავინ აკეთებს. ჯერ კიდევ 2016 წლის
აგვისტოში მოგვწერეს, თქვენს მიერ განცხადებაში დასმული საკითხი
კონტროლზეა აყვანილი და თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად სათანადო
ღონისძიებების დაფინანსების საკითხიც განიხილებაო. მერე ისევ
მივწერეთ. იმავე წლის ნოემბერში მოგვწერეს ხომ უკვე დაგიბრუნეთ
პასუხიო? 2017 წელს მესამედაც მივწერეთ და ზუსტად იგივე პასუხი
მოგვწერეს, რაც 2016-ში. ყველა წერილზე ერთი და იგივე პასუხი
გადაიწერეს. გაკეთებული საქმე კი არ ჩანს. სულ 300 მეტრია ეს ქუჩა და
რა გახდა ამისი მოწესრიგება?!’’ - კითხულობს მურად ბირკაძე, რომელმაც
ჯერ კიდევ არ იცის, რომ ხაშურის მერია 2019 წელსაც არ აპირებს მათ
ქუჩაზე გზის დაგებას.
ხაშურის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში გზის
მოასფალტების ყველა პროექტი შეჩერებულია. მიზეზად კი 2020 წლისთვის
დაგეგმილი წყლისა და კანალიზაციის პროექტი დაასახელეს, რომელმაც მთელი
ქალაქი უნდა მოიცვას.
,,ამ ეტაპზე ვერც ერთ ქუჩაზე ასფალტს ვერ დავაგებთ. იცით რომ 2020
წლიდან ხაშურში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება და
ახლა რომ ჩვენ ასფალტი დავაგოთ რამდენიმე თვეში პროექტის დაწყების
გამო ისევ უნდა აყარონ და გადათხარონ. ეს კი თანხების არამიზნობრივ
ხარჯვაში ჩაგვეთვლება. სანიაღვრე არხსაც ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს
გზის დაგების შემადგენელი ნაწილია. თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურს
საქმის კურსში ჩავაყენებთ და ადგილზე გაეცნობიან თუ რისი გაკეთებაა ამ
ეტაპზე შესაძლებელი’’ - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
მერიის პრესსამსახურთან საუბრის შემდეგ ორი დღე გავიდა, თუმცა ამ
დრომდე ანტონ სულავას ქუჩაზე მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად და
მითუფრო მოსაგვარებლად არავინ გამოჩენილა. ხოლო თუ ამინდის პროგნოზიც
ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლებასავით არ ცრუობს, მაშინ ხაშურში მთელი
კვირის განმავლობაში უნდა წვიმდეს, რაც სულავას ქუჩის
მაცხოვრებლებისთვის სერიოზული პრობლემაა.
სტატიის გამოყენების პირობები