ტინისხიდიდან გაუჩინარებულ მამაკაცს სამი თვეა ეძებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდიდან გაუჩინარებულ მამაკაცს ისევ ეძებენ.

32 წლის კახაბერ ავაზნელი თითქმის სამი თვეა დაკარგულია. მისი დის, ანი მარიამიძის თქმით, კახა სახლიდან 19 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ.

,,19 იანვარს სამი თვე გახდება, რაც დაკარგულია. ავად არის. ლაპარაკიც უჭირს. არ ვიცით სად შეიძლებოდა წასულიყო. გორის მეტი არაფერი იცოდა. ხანდახან კომბინატში, სადღაც ნანგრევებში მიდიოდა და იქ ეძინა ხოლმე. ეგონა რომ კარგად იქცეოდა." - ამბობს ანი მარიამიძე.

სამძებრო სამუშაოებში 15 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო.

თუმცა გაუჩინარებული კახა ავაზნელის ოჯახი პოლიციის მუშაობით უკმაყოფილოა.

როგორც მისი და ჩვენთან საუბარში ამბობს, ეჭვი აქვთ, რომ პოლიცია გაუჩინარებული მამაკაცის მოსაძებნად არაფერს აკეთებს.

,,რამდენჯერაც მივედით სულ ერთიდაიგივეს გვპასუხობენ. ამბობენ ვეძებთო. სხვას არაფერს გვეუბნებიან. ეჭვი გვაქვს, რომ არ ეძებენ და დრო გაჰყავთ. მამაჩემს ისიც კი უთხრეს წადი და შენ მოძებნე ტყეში ან სადმეო. აბა, მდიდრები ვიყოთ. ღარიბი რომ არის ყურადღებას ალბათ ამიტომ არ აქცევენ. " - ამბობს ანი მარიამიძე.

Qარტლი.გე დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა გაუჩინარებული კახა ავაზნელის სამძებრო სამუშაოები და როგორც აღმოჩნდა შსს-ს დაკარგულის ოჯახისთვის მართლაც არანაირი სიახლე არ აქვს.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება და ყველა ბერკეტს იყენებენ დაკარგული პიროვნების მოსაძებნად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები