ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე 100 წლის გახდა
დღეს, იროდიონ ტაბატაძე 100 წლის გახდა. იგი 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა. მამა ადრე დაიღუპა, მოლისის სადგურზე სარკინიგზო კატასტროფის დროს. იმ დროს 11 მუშა დაიღუპა.

სკოლის შემდეგ 1939 წელს სწავლა გააგრძელა აერო კლუბში საფრენოსნო განხრით. საკადრო მფრინავად სურდა გაეგრძელებინა სწავლა. შემდეგ, სერგო კორკოტაძე და სერგო გაფრინდაშვილთან ერთად, ჩავიდნენ სტალინგრადში, სადაც გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში დაიწყეს.

ომის დაწყებამდე, ჩუვაშის რესპუბლიკაში, ღამის მფრინავთათვის განკუთვნილ სასწავლებელში გაგზავნეს. აღნიშნული სასწავლებელი 1941 წლის მაისში დაამთავრა. ივნისში კი, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

იროდიონ ტაბატაძემ თავისი მოვალეობა 1944 წლის იანვრამდე შეასრულა. ის გერმანიის ქალაქ ჰამბურგის დაბომბვის დროს დაშავდა. მისი თვითმფრინავი დააზიანეს. თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა.

,,გონება დავკარგე, მეორე შტურმანი დაიღუპა. ღამე იყო, სადღაც 4 საათი. ერთ-ერთ ტანკისტს დაუნახია თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, მოვიდა ტბასთან, მე თოვლში პირქვე ვიწექი, პულსი გაუსინჯავს და რაკი ცოცხალი ვიყავი, მაშინვე წამიყვანეს საავადმყოფოში." - ამბობს იროდიონ ტაბატაძე.

იროდიონ ტაბატაძე ამბობს, რომ მან სულ 749 ფრენა განახორციელა. ჰისპიტალში 5 თვე გაატარა. დაბრუნდა ხაშურში. იმის შემდეგ გამომგონებლობამ გაიტაცა. ,,შევქმენი ვაკუუმური ჰიდროსადგური, რეაქტიული ტურბინი, ჰაერის ელექტროსადგური, ჰაერის ძრავა, 50-მდე პატენტი მაქვს მიღებული." - აღნიშნავს ტაბატაძე.

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები