კომპანიას, რომელსაც ქარელში ცაბაძის ძეგლი უნდა დაედგა, ვეღარ პოულობენ
ქარელში, კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის 95 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება, კერძოდ, ძეგლის დადგმის პროცესი ჩაიშალა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვეღარ მიაგნეს.

კომპანია, რომელსაც ქარელის მერია გამარჯვებულად თვლიდა, შპს ,,საქართველოს ახალგაზრდული ჯგუფია". მან ტენდერი 10 ათას ლარად მოიგო, თუმცა, მისი ხელმძღვანელი, ხელშეკრულების გაფორმების დღეს, 2019 წლის 13 დეკემბერს ქარელის კულტურის სამსახურში არ გამოცხადდა.

,,ეს კომპანია აღარ გვეკონტაქტებოდა, შესაბამისად, გამარჯვების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება აღარ გავაფორმოთ" - აღნიშნულია კულტურის სამსახურის წერილში.

ქარელში, გიორგი ცაბაძის ძეგლის დადგმა სურდა მოქანდაკე მერაბ გაგლოევსაც. მისი განცხადებით, წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა:

,,მე დეტალურად მქონდა გაწერილი გეგმა, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. ამ დროს, კონკურენტად შემოვიდა ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა მითითებული. ვნახე მათი პროექტი, მაგრამ წარმოუდგენელი რამ ეწერათ. მე ვუთხარი ქარელში, ეს ამან როგორ უნდა გააკეთოს-მეთქი. რა ვქნათო, ტენდერში გაიმარჯვაო. ამის შემდეგ ვიგებ, რომ იმ კომპანიას ვეღარ პულობენ თურმე" - გვითხრა მოქანდაკე მერაბ გაგლოევმა.

კვლავ გამოაცხადებს თუ არა ქარელის მერია ტენდერს, 2020 წლისთვის, უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები