უკრაინა და საქართველო დეზინფორმაციის ერთიან ფრონტზე
ნინო სუხიაშვილის ბლოგი

რამდენიმე წლის წინ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინაში, კიევში სასწავლო ტურით ვიმყოფებოდი.

სწავლების ფარგლებში უკრაინული ფაქტ მეტრის წარმომადგენლებსაც შევხვდით, რომლებიც იმ დეზინფორმაციულ ნაკადებზე გვესაუბრნენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობით აქტიურად ვრცელდებოდა. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით უკრაინელებიც და ქართველებიც, რომ საინფორმაციო ომშიც ერთ ბედს ქვეშ ვართ.

საქართველოსა და უკრაინაში გავრცელებული დეზინფორმაციული შეტყობინებები იმდენად მსგავსი აღმოჩნდა, რომ ორივე მხარეს ოდნავი ეჭვიც აღარ დაგვრჩა მათ საერთო წარმომავლობაზე.

მაინც, რა“ნარატივები“ ვრცელდებოდა წლების მანძილზე და ვრცელდება ახლაც?

ევროპული ღირებულებები შეუთავსებელია ჩვენს (ქართულ/უკრაინულ) ღირებულებებთან. სინამდვილეში ევროკავშირი ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება, რაც გულისხმობს ინდივიდის თავისუფლებას, ოჯახისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას, შემწყნარებლობას და სამართლიანობას.

ევროკავშირი ებრძვის ტრადიციულ ოჯახებს. სინამდვილეში ევროკავშირის სახელმწიფოები მსოფლიოში მოწინავენი არიან ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან მნიშვნელოვან მატერიალურ და საექსპერტო დახმარებას იღებს, რომ წარმატებით დაძლიოს ოჯახში ძალადობის საშინელი სენი. დეზინფორმატორები განსაკუთრებულ აქცენტს ერთისქესიანთა ქორწინების დაშვების მიმართულებით აკეთებენ, რასაც რუსული პროპაგანდა კონსერვატულ საზოგადოებას წარმოუდგენს, როგორც ევროკავშირის მიერ დადგენილ ვალდებულებას. რეალურად, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არიან ისეთებიც, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია. (მაგ: პოლონეთი, სლოვაკეთი და ა.შ.).

პოპულარულია მითი ერთმორწმუნეობის შესახებ.

დეზინფორმაციის წყარო ცდილობს აქცენტი გააკეთოს რელიგიის დაკარგვის საშიშროებაზე და პარალალურად აძლიერებს რა შეხედულებას, რომლის შესაბამისადაც დასავლეთი და რუსეთი თანაბრად ცუდია, ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ ამ პირობებში სარწმუნოებრივი ერთობის გამო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

სინამდვილეში, ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა სეკულარულია, რაც რელიგიისა და სახელმწიფოს მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს. ამასთან, რელიგიის და სახელმწიფოების ურთიერთობა ინდივიდუალურად, ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება და ეს ურთიერთობა განსხვავებულია წევრი სახელმწიფოების მიხედვით.

მითი ნეიტრალიტეტის, როგორც საუკეთესო გამოსავლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს ნარატივი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ თუ ქვეყანა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, ეს სტატუსი მისი ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.

რეალობა რადიკალურად განსხვავებულია: მხოლოდ ნეიტრალიტეტის გამოცხადება ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ნეიტრალიტეტს საერთაშორისო გარანტიები სჭირდება, რომელიც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში რთულად მისაღწევია, რადგან რუსეთი ჩვენი ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს არ ეთანხმება და უკრაინაში საომარი მოქმედებები ამწუთასაც მიმდინარეობს.

ერთ-ერთი სევდიანი ღიმილისმომგვრელი ახალი ნარატივი რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად გავრცელდა არის: რუსეთს ომი პირველს არასდროს დაუწყია. არადა, 1920 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. ნაცვლად, საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ამ ნაბიჯით ქვეყანამ მოკავშირეების შეძენის თეორიული შანსკიც კი მოისპო. რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია და 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო.

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის ჭრილობები საქართველოსთვის იმდენად ღია და ახალია, ამაზე აღარ შევჩერდები.

უკრაინაში ომი გრძელდება. მამაცი უკრაინელი ხალხი გმირულად უმკლავდება აგრესორს. დღეს უკრაინელების გვერდით მთელი განვითარებული მსოფლიო დგას.

ამ წუთებშიც, გარდა ლეტალური იარაღისა, დეზინფორმაცია მტრის ხელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები