ვიდეორეპორტაჟი
მიწა ვიყიდე და აქ მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოჩნდა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე მცირე ფართობის რამდენიმე მეასედი მიწა, რომლის საწყისი ღირებულება სულ რაღაც 650 ლარი იყო, აუქციონზე 210 000 ლარად გაიყიდა. მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და მისი მსურველი 5 პრეტენდენტი იყო. აუქციონში გამარჯვებულად მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) გამოცხადდა. ის ვარიანში დიდი ხანია ცხოვრობს და მას საკუთარი ნაკვეთი აუქციონზე გატანილ ფართის სიახლოვეს აქვს. სასულიერო პირმა აღმოაჩინა, რომ ნაყიდ ახალ მიწაზე საკალმახეა მოწყობილი. აღნიშნული საკალმახე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშეწმეს გიორგი აფციაურს ეკუთვნის. ეს თავად გიორგი აფციაურმა დაგვიდასტურა.

,,მე არ ვიცოდი, რომ აქ თევზები იყო. აუქიონში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ აქვე ახლოს მისი ნაკვეთი მაქვს და მინდა სოფელში მეურნეობა მეწარმოებინა. აუქციონში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის და საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წარმომადგენლები იღებდნენ. ისინი მომყვნენ აუქციონში და ფასიც ამიტომ აიწია. აქაც გამოჩნდა მათი ინტერესი და ეგონათ, რომ ჩამომიცილებდნენ. მაგრამ არც მე დავთმე და შედეგიც ეს დადგა. ახლა მეუბნებიან, რომ საკალმახეში არსებული თევზი დავთმო” – აცხადებს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

გიორგი აფციაური, გამგებლის პაპუნა კობერიძის თანაშემწე ამბობს, რომ საკალმახე მართლაც მისი სახსრებით გაკეთდა:

,,აქ არც პაპუნა კობერიძე და არც დავით რაზმაძე არაფერ შუაშია. 4 წლის წინ მე სოფელ ვარიანში მიწა ვიყიდე და საკალმახე მოვაწყე. შემდეგ ჩემს მეზობლად ზაზა ზაზაძეს ვთხოვე, რომ მის ნაკვეთზე გამეფართოვებინა საკლამახე. მე არ ვიცოდი, რომ ზაზა ზაზაძეს მიწა დაურეგისტრირებელი ჰქონდა. სულ ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ეს მიწა აუქციონზე გატანილა.” – აცხადებს გიორგი აფციაური.

თუ თანხა 23 ივლისამდე არ დაიფარა, მიწა კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდება, ხოლო სასულიერო პირი, მხოლოდ, 200 ლარს დაკარგავს. რაც შეეხება საკალმახეს, ზედამხედველობის სამსახური მის ფაქტიურ მფლობელს ასევე 200 ლარად დააჯარიმებს, ხოლო მიწას პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები