ვიდეორეპორტაჟი
,,ეს მთავრობა ჩვენს მხრებზე დგას და წყალი გვინდა" - რეპორტაჟი აზერბაიჯანულ სოფელ ხიდისყურიდან

 

,,თქვენ რომ იყავით იქ ჩემამდე, ხმამაღლა არ საუბრობდნენ? მეც მომიწია ხმამაღალი საუბარი. ეს ხდება არა მარტო მაგ სოფელში, არამედ ყველგან. ეს იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი ყველამ გაიგოს. თუ ვინმეს დისკომფორტი შეექმნა ჩემი ხმამაღალი საუბარით, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ საქმე სხვანაირად არ კეთდება" - გვითხრა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გია ტვილდიანმა, რომელსაც სოფელში ვიზიტის შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ.

 

ხიდისყური კლდოვან ფერდობზეა გაშენებული და იქ, თურქების დახმარებით გაჭრილმა ორმა, 40 მეტრიან ჭაბურღილმაც ვერ იმუშავა. მცხეთის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიწოდებულ სასმელ წყალს კი გაჭირვებით იღებენ.

 

,,ჩემი მოხუცებული მამა სულ მთხოვს ჩაი დამალევინეო. გეცოდინება, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩაი და ხანდახან ყოველ ნახევარ საათში მთხოვს მამაჩემი. მოხუცს ხომ ვერ ავუხსნი, რომ წყალი არ გვაქვს და ვერ დაგალევინებ მეთქი" - მეუბნება პირად საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად, იმ ადგილის დასათვალიერებლად გამომყვა, საიდანაც ხიდისყურელები მდინარე ქსნის წყალს მოტორებით ქაჩავენ ნაკვეთებში და ეზოებში.

 

სოფლის გამგებელი ამბობს, რომ ხიდისყურელები სასმელ წყალს სარწყავად რომ არ იყენებდნენ, ონკანის წყალი სრულიად საკმარისი იქნება დასალევად. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ენერგოკომპანია, რომ არ ზღუდავდეს ქსანზე მოტორების დაყენებას, სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარებული მეტ-ნაკლებად იქნება. ისინი მზად არიან გახარჯული ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ.

 

,,თითო მოტორს ჭირდება სამფაზიანი ხაზი, რომლის დაყენება 4000-5000 ლარი ღირს. ერთი მოტორით აქაჩული წყალი 7-10 ოჯახს ყოფნის. მონტაჟის საფასურის გადახდა გვიჭირს." - ამბობს ხიდისყურელი თემურ ყურბანოვი. მისი და სხვების სურვილია, რომ სამი ფაზის მიყვანისთვის დაწესებულმა ფასმა დაიკლოს. არა და, სარწყავ არხზე ხიდისყურელებს სხვა გამოსავალი არა აქვთ.

 

,,სოფელი ხიდისყური კომუნისტების დროს ირწყვებოდა ახმაჯის არხით, რომელიც კონფლიქტური რეგიონიდან მოედინება და გადის ლამისყანას, თეზს, ოკამს, აღანიანს..." - გვიხსნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. ,,აღაიანის შემდეგ ხიდისყურამდე დიდი დიამეტრის მილებით იქაჩებოდა სარწყავი წყალი. დღეს ეს მილები მოპარულია და, შესაბამისად, მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ახმაჯის არხიდან ვეღარ სარგებლობენ" - აცხადებს სოფლის გამგებელი გია ტვილდიანი.

 

ახმაჯის არხის ბოლო წერტილი ამჟამად აღაიანია. სოფლის გამგებელიც გვიდასტურებს, რომ უახლოეს ხანებში და, მათ შორის, მომავალ წელს, შეუძლებელი იქნება ძველი მასშტაბური პროექტის აღდგენა, ანუ აღაიანიდან ხიდისყურამდე სარწყავი წყლის გადაქაჩვა.

 

,,ერთადერთი გზა, კვლავ, გვრჩება მდინარე ქსნის ნაპირიდან წყლის აქაჩვა. ამაში კი ენერგოპროს მიერ მონტაჟისთვის დაწესებული კოლოსალური ტარიფი გვიშლის ხელს." - აცხადებენ ადგილობრივები.

 

სოფელ ხიდისყურში 2014 წლის პირველ ნახევარში ახალი ასფალტია დაგებული. ავტობანამდე ახალი გზა საქადაგიანოსაც გადის. მოსახლეობა ამ ყურადღებით კი კმაყოფილები არიან. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ახსენებენ, რომ არჩევნების დროს ამ სოფლებიდან ხმების დიდი რაოდენობა, 93% მიაქვთ. - ,,ეს მთავრობა ჩვენს მხრებზე დგას, 93% მიაქვთ და წყალი გამოგვიგზავნონ" - დაგვაბარეს შემონათვალი.


იხ. ვიდეორეპორტაჟი

 

 

ფოტოები:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები