ვიდეორეპორტაჟი
,,ექიმი და სწავლა გვინდა" - აზერბაიჯანული სოფელი ლევიტანა
გორიდან სამხრეთით, ბორჯომისა და წალკის რაიონების მიჯნაზე, აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობით დასახლებული სოფელი ლევიტანა მდებარეობს. სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ ისტორიულ გზაზე მანამდე, სოფელ ატენიდან ლევიტანამდე ქართულ და ოსურ სოფლებს: ბიისს, ბობნევს, ქვემო და ზემო ბოშურს, ორმოცს, ტუსრებს, ყველაანთ უბანს და გაგლოანთ უბანს ჩამოიტოვებთ.

ლევიტანა ზღვის დონიდან 1650 მ-ზე მდებარეობს და გორის მუნიციპალიტეტის ბოლო, შედარებით, მჭიდროდ დასახელებული სოფელია, რომელიც რაიონული ცენტრიდან თითქმის 40 კმ-თაა დაშორებული.

ლევიტანას სამხრეთით ტყის ზონა მთავრდება და მთები უკვე სუბალპურ ზონაში გადადის. სწორედ ამიტომ ლევიტანას მიმდებარე ტერიტორია საზაფხულო საძოვრებისთვის გამოიყენება. ზამთარში ცხვარი ბარში ჩამოჰყავთ, შესაბამისად, მწყემსების დიდი ნაწილი სოფელს ტოვებს. მიუხედავად ამისა, ზამთრის სეზონზე, სოფელში, მხოლოდ, 30-მდე ოჯახი რჩება. ოფიციალურად კი 45 აბონენტია დარეგისტრირებული.

2014 წლის 13 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, გუბერნატორის მოადგილის, გიორგი თორთლაძის თანდასწრებით, ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა. ეს შეხვდრა 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით გაიმართა.

,,ექიმი არ გვყავს. აგერ ახლაც ერთი კაცი გვყავს ავად და წამლები ვერ დავუნიშნეთ" - უთხრეს რაიონის გამგებელს ადგილობრივებმა. მთიანი გზის გამო სამგზავრო ავტობუსი გორიდან მხოლოდ ბოშურამდე დადის. ბოშურიდან ლევიტანამდე კი 12 კმ-ია.

ადგილობრივი ხელისუფლების სტუმრობისას სოფლის ცენტრში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

,,ჩვენთან დაწყებითი სკოლაა. შემდეგ კი ბავშვებს ბოშურის საჯარო სკოლაში უწევთ სწავლის გაგრძელება. იქამდე მისვლა რომ ჭირს, სწავლას ვეღარ ახერხებენ. იქნებ რამე დაინიშნოს ბოშურამდე" - უთხრეს გამგებელს.

წელიწადის ცივ პერიოდში, თითქმის 6 თვის მანძილზე ლევიტანამდე გზა თოვლს უკავია. ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ თოვლიან პერიოდში გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის იმ რაოდენობის თანხა გამოიყოს, რომ ხეობის სოფლებს შორის მიმოსვლა არ შეწყდეს. ამ ეტაპზე რთულია ახალი გზის დაგება, რადგან ეს იმაზე დიდ თანხას მოითხოვს, რაც ამავე მანძილზე ბარის გზის რეაბილიტაციას ჭირდება; აქ უფრო მეტი სისქის ასფალტი, თავისი სადრენაჟო სისტემებით და კომპლექსური სამუშაოებით, ჭირდება" - აცხადებს გამგებელი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები