ვიდეორეპორტაჟი
საბოტაჟის ნიშნები ანუ რას აკეთებს ხეთაგურის კომპანია სოფლებში

 

გოჩა გოჩიტაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელია, ამბობს, რომ ,,საქორგაზს" ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს. ,,საქორგაზის" მენეჯერი ლევან კენჭაძე,  თავდაპირველად, ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა კომპანიის პრესსამსახურთან სატელეფონო ზარის შემდეგ, თანხმობა უარით შეცვალა.

 

სოფელ სამთავისში გვითხრეს, რომ აბონენტად დარეგისტრირებისთვის კოლოსალურ თანხებს ითხოვენ. კერძოდ, ფიქსირებული გადასახადი 400 ლარი, მიწის და სახლის რეგისტრაციის საფასური საჯარო რეესტრში მინუმ 250 ლარი და მრიცხველის დაყენების საფასური 170 ლარი, ერთბაშად უნდა დაიფაროს.

 

,,აბა დაითვალეთ, რამდენი გამოდის? არავითარი განვადება, არავითარი შეღავათი. ეს თანხა ერთიანად უნდა გადაიხადოთო" - გვითხრა სამთავისელმა ვალერი რაზმაძემ.

 

კახი კალაძე, საქართველოს ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრი 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში, ბრიფინგზე, აცხადებდა, რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირის შეყვანის საფასურის გადახდა განვადებით, თვეში 25 ლარად შეუძლია.  მოსახლეობას რომ საჯარო რეესტრში მუდმივი საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციასაც ავალებენ, არც ამის შესახებ უთქვია რამე კალაძეს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძეც აცხადებს, რომ ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტი მისთვის ახლახანს გახდა ცნობილი, ისიც გოჩა გოჩიტაშვილისგან.

 

,,თქვენ წარმოიდგინეთ, მიმდინარე წლის სექტემბერში ენერგეტიკის სამინისტროს მივწერეთ, რომ იქ სადაც მილები უკვე გაყვანილია, მომხდარიყო მოსახლეობის გაზიფიცირება, თანაც სახელმწიფოს დახმარებით. აღმოვაჩინეთ, რომ ეს სამუშაობი ,,საქორგაზს" ივნისიდან უნდა დაეწყო. რა შეფასება უნდა გავაკეთო? კომპანიის ხელმძღვანელია ხეთაგური, წინა ხელისუფლების ყოფილი ენერგეტიკის მინისტრია, ეს შემიძლია გითხრათ" - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.

 

სამთავისის მკვიდრი ლევან ფარესაშვილი, რომელიც კომუნისტების პერიოდში სოფლის ხელძღვანელი იყო, ხოლო მის პერიოდში სოფლის გაზიფიცირება მოხდა, ამბობს, რომ არაერთი შეხვედრა ჰქონდათ კომპანიასთან.

 

,,ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ქონება ბალანსზე არ ჰქონდათ და ეს იყო აბონენტად დარეგისტრირების უარის მიზეზი. ახლა გვეუბნებიან, რომ მიწა და სახლი დარეგისტრირებული უნდა გვქონდეს. ერთბაშად კი ამდენი თანხის გადახდის საშუალება ადგილობრივებს არ აქვთ. დავუშვათ მე უკვე მაქვს დარეგისტირებული სახლი და იმ ოთხასი ლარის გადახდასაც შევძლებ, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ბუნებრივი აირის მიერთების საშუალებას. რას ელოდებიან არ ვიცი" - ამბობს ლევან ფარესაშვილი.

 

იხ. ვიდეომასალა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები