სტატიები
ბრძოლა პრადოებისთვის და 8 ცალი მოტოციკლისთვის

 

,,ქონების მართვის სააგენტო გვთხოვს, რომ ეს მანქანები მივატოვოთ და ბალანსიდან მოვიხსნათ. სხვადასხვა დროს გორის მუნიციპალიტეტმა თხოვების ხელშეკრულებით შს სამინისტროს გადასცა. ასეთი მანქანები ადგილობრივ თვითმმართველობას არ ჭირდება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ეს მანქანები პოლიციას დავუტოვოთ, ხოლო რაც შეეხება იმ ზედმეტ მანქანებს, რაც დაგვრჩა, მათ  აუდიტი აფასებს და აუქციონზე გასაყიდად გავიტანთ" - გვითხრა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი თვლის, რომ ამჟამად შსს-ს სარგებლობაში მყოფი მანქანები მერიამ უნდა დაიბრუნოს და შემდეგ გაყიდოს. ამისათვის მას მხარდამჭერების მოძიება და დარწმუნება 27 მარტს, საკრებულოს სხდომაზე მოუწევს. 15 კაციან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. ოპოზიციაში შედიან: ლეიბორისტები (ერთი წევრი), ,,თავისუფალი დემოკრატები" - 2 წევრი; ,,ქართული პარტია" - 4 წევრი და  ..ნაციონალური მოძრაობა" - ერთი წევრი. ჯამში - 8 წევრი.

 

ჯერ-ჯერობით უცნობიa, დაუჭერს თუ არა მხარს ,,თავისუფალ დემოკრატების" ინიციატივას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი მინდია გოდერძიშვილი. ის ბიუროს წევრი არაა და შესაბამისად მისი აზრი წინასწარ ცნობილი არ გამხდარა. მანქანები კი შსს-ს სწორედ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გადაეცა. შეძენაზე საუბარი აღარაა.

 

ზურაბ ჯირკველიშვილს ,,პრადოების" უკან დაბრუნების იდეა არ ხიბლავს და პოპულისტურ ნაბიჯად აღიქვავს, რადგან შსს მათ დიდი ხანია იყენებს. მაგალითად, 2008 წელს გორის მაშინდელი გამგეობის მიერ 108 000 ლარად შეძენილი ტოიტოტა ლენდკრუიზერი 2012 წელს, ცვეთის გამო, უკვე, 43 000 ლარამდე ჩამოფასდა. ასეთივე ,,გაცვეთილად" სხვა მანქანებიც ითვლება. მერია ფიქრობს, რომ თუკი მანქანებს შსს-ს წაართმევს, მაშინ სამინისტროს სხვა მანქანების შეძენა მოუწევს, 

 

რაც შეეხება მანქანებს:

 

2008 წლის 29 აპრილს ტოიოტა პრადო RNR 522 შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მაშინდელ უფროსს დავით ტაბუცაძეს ეთხოვა. 2010 წლიდან 2011 წლამდე თბილისში სიტი-პარკმა არასწორი პარკირებისთვის 5-ჯერ ამხილა. თითოეულზე ტაბუცაძეს 10-10 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ბოლო სამ შემთხვევაში გადაუხდელობის გამო თითოეული ჯარიმა 150 ლარამდე ავიდა. ეს თანხა მერიის გადასახდელია.

 

 

2009 წლის 26 მარტს მიცუბიში მონტერო WUV 877 შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელს გადაეცა. ამ მანქანის მფლობელი 2009 წლიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით სხვადასხვა უფროსების ხელში არასწორი პარკირების გამო 5 ფაქტზე დააჯარიმეს. ყველა ჯარიმა მუნიციპალიტეტმა დაფარა.

 

მიცუბიში მონტეროს მძღოლი არა მარტო პარკირების გამო ჯარიმდება, არამედ პატრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოც აჯარიმებს.

 

პირველად 2010 წლის 2 აგვისტოს 50 ლარით (შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე გავლა)

მეორედ - 2011 წლის 22 იანვარს 250 ლარით; (სიჩქარის გადაჭარბება, რომელმაც საავარიო სიტუაცია გამოიწვია)

მესამედ - 2013 წლის 2 სექტემბერს 100 ლარით; (სიჩქარის გადაჭარბება)

მეოთხედ - 2013 წლის 16 სექტემბერს - 100 ლარით. (სიჩქარის გადაჭარბება)

მთავარ ფოტოზე სწორედ ამ მანქანის მონაცემებია დატანებული. ეს თანხები მუნიციპალიტეტმა დაფარა.

 

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი არასწორი პარკირებაა გადაღებული.

 

 

2009 წლის 27 ნოემბერს ავტომანქანა ,,ლექსუსი" GQG 470 გადაეცა შსს სამინისტროს ტრანსპორტის განყოფილებას. არასწორი პარკირებისთვის კი, რომელიც სიტიპარკმა თბილისში 2010 წლის 26 თებერვალს დააფიქსირა, ჯარიმა დღესაც გადაუხდელი აქვს.

 

 

2010 წლის 30 ივნისს ტოიოტა პრადო QBO 737 შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელს ეთხოვა. ეს მანქანა 2012 წლის 21 ოქტომბერს, ახალი უფროსის პერიოდში, თბილისში, პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, ერთხელ დააჯარიმეს.

 

 

კიდევ ერთი მანქანა 2012 წლის 20 ივნისს ტოიტოტა პრადო TOK 387 შსს სამინისტროს გადაეცა; აღნიშნულ მანქანაზე არც ერთი საჯარიმო თანხა ფიქსირდება სიტიპარკისგან.

 

რაც შეეხება მოტოციკლებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, რომ 21 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ შსს-სთვის 8 ცალი მოტოციკლი იყიდა. აღნიშნულ მოტოციკლებთან დაკავშირებით ქონების მართვის სააგენტო არაფერს ამბობს.

 

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები