სტატიები
უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე

 

 საქართველოს  პარლამენტის  წევრის  ბიუროს საქმიანობასთან  დაკავშირებული ხარჯების,  პარლამენტის  ბიუჯეტიდან,  ანაზღაურების  თაობაზე  არსებული  ნორმის  თანახმად,   მაჟორიტარი  დეპუტატის  ბიუროს 5 000 ლარი ყოველთვიურადაც ერიცხება. ამ ნორმისა და თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შენობის სახით მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების თაობაზე, არანაირი ვალდებულება გააჩნია.

 

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის  გვერდით მდებარე ორსართულიანი შებობის მეორე სართულის სარგებლობის მიუხედავად, ქირას არ იხდის. 

 

ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული გორის, ქარელისა და ხაშურის პარლამენტარების ბიუროები.

 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტს 2015 წლის დასაწყისში გაუგზავნეს, წერია, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ფართები კომერციულ დაწესებულებებს დაბალ ფასად აქვთ გადაცემული. სამაგიეროდ, დეპუტატის ბიუროზე არაფერი წერია.

 

რაც შეეხება გორს, აქ დეპუტატის ბიურომ 2014 წელს ადმინისტრაციულ ხარჯების კუთხით, 19 891 ლარი გახარჯა (60 000 ლარიდან), დანარჩენი შრომის ანაზღაურებაა. 2013 წელს ადმინისტრაციული ხარჯი (შრომის ანაზღაურების გარდა) - 11 297 ლარს შეადგენდა.  ამ ხარჯებში ოფისის ქირის თანხა საერთოდ არ ფიგურირებს.

 

 2013 წლის მაისში გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა საჯარო რეესტრს მიმართა წერილობით, რომ უძრავ ნივთზე (ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე რამდენიმე ოთახზე) უზუფრუქტის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია მოეხდინა.  2013 წლის 4 ივნისს საჯარო რეესტრმა მაჟორიტარ დეპუტატს ასეთ რეგისტრაციაზე უარი უთხრა:

 

,,თქვენ მიერ წარმოდგენილი მინდობილობით არ იკვეთება საჯარო რეესტრთან ურთიერთობის უფლებამოსილება. წარმოსადგენია მინდობილობა, სადაც აღწერილი იქნება მინდობილი პირის უფლებამოსილება უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით." - წერია პასუხში.

 

ვინაიდან პარლამენტარმა ასეთი მინდობილობა არ წარუდგინა, ფართის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.

 

რაც შეეხება ქარელს, 2014 წლის 9 ივლისს ქარელის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატს ლერი ხაბელოვს ოფისი უზურფუქტის წესით გადასცა, ასე წერია ხელშეკრულებაში. უძრავ ნივთზე უზურფუქტის უფლების წარმოშობის რეგისტრაციის გასაკეთებლად საჯარო რეესტრს განცხადებით, ნაცვლად მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებისა, საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები