სტატიები
,,სამართლიანი მოთხოვნა იყო, მაგრამ..."

 

ავტობანზე აქცია 2015 წლის 22 მაისს დილის 9 საათზე გაიმართა. ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, მისი თანაშემწე - ილია ქელეხსაშვილი, პრესსამსახური გიორგი ეგნატაშვილი, რუისის წარმომადგენელი საკრებულოში გია კუთხაშვილი და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სოფლის წარმომადგენელს ადგილობრივ მკვიდრთან, ბონდო ბალიაშვილთან სიტყვიერი კამათი მოუვიდა.

 

,,შენთან საქმე არა მაქვს. ის მოვიდეს, გუშინ რომ დედა მაგინა. შენ კაცი ხარ? ორი კვირაა ხრეში ვერ დაგიყრია გზაზე" - ეუბნებოდა ბონდო ბალიაშვილი გია კუთხაშვილს. როგორც გაირკვა, სოფელ რუისში წინა დღეს კიდევ ერთი აქცია გამართულა, სადაც, ბონდო ბალიაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი მომხრეები შეკრიბეს. სწორედ, ამ შეხვედრას გულისხმობს ბალიაშვილი, როცა გამგებლის მხრიდან გინების ფაქტზე საუბრობს.

 

ბონდო ბალიაშვილმა რაიონის გამგებელს ზაზა გულიაშვილს კრიმინალი უწოდა: ,,დედა რატომ მაგინე? გუშინ რატომ მითხარი, ყბებს დაგინგრევო" - უთხრა ბალიაშვილმა რაიონის გამგებელს. ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე გინებას ადგილი არ ჰქონია.

 

,,გუშინდელ შეხვედრაზე თვითონ სოფლის მოსახლეობამ აუხსნა მას, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია. მერე ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი და მაბრალებს რაღაცეებს" - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

22 მაისის აქციაზე მოსახლეობას გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილი და პრესსამსახური გიორგი ეგნატაშვილი პასუხობდნენ.  ,,შენ რა უნდა გადაგვიწყვიტო, სპეციალისტი ხარ უბრალოდ" - უთხრეს ეგნატაშვილს.

 

,,ხელებს ნუ მიშლი რა" - უპასუხა ეგნატაშვილმა რუისელს. სიტუაცია დაიძაბა და პრესსამსახური გვერდით გაიყვანეს: ,,გაიყვანე ეგ აქედან, თორემ გადავუვლი" - ცხარობდა თავის მხრივ ეგნატაშვილი. ,,ვის გადაუვლი ბიჭო?" - ამ სიტყვებზე ეგნატაშვილს იმ ადამიანმა მოსთხოვა პასუხი, ვინც ხალხმრავლობიდან გაიყვანა. ,,შენ რაღა გინდა ვერ გავიგე, ჩემთვის ვლაპარკობ" - უპასუხა ეგნატაშვილმა.

 

სიტუაცია კიდევ მაშინ დაიძაბა, როდესაც გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილი ,,გამოვიდა წყობილებიდან". ხალხმრავლობიდან პოლიციის თანამშრომელმა მისი გაყვანა სცადა. ქელეხსაშვილი იგინებოდა: ,,ხელით როგორ შემეხო, მაგის დედა"-ო.

 

ინციდენტიდან ორ საათში შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს რუისში მომხდარი ფაქტის თაობაზე განმარტების გაკეთება სთხოვა. გულიაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც აქცია მიმდინარეობდა, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ნაკვეთებში ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად უკვე მუშაობდნენ. 

 

განმარტება გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც: 

 

,,დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები. პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად გადაადგილდნენ."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები