სტატიები
თბილისისკენ ,,გაგზავნილი” 2300 ძაღლი (ჟურნალისტური მოკვლევა)

ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილი ოფიციალურად 2011 წლის 18 მაისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის მისამართზე დარეგისტრირდა. უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისთვის აღნიშნული ინდმეწარმე, 2011 წლიდანვე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა უკონკურენტო ტენდერების საფუძველზე დაიქირავეს. შიდა ქართლში ის, მხოლოდ, 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა.

ინდმეწარმეს საქმიანობის ირგვლივ კითხვები, პირველად, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბუღალტრული ანგარიშგების სამსახურის უფროსს გელა ნოზაძეს გაუჩნდა, რომელიც ამ ამბავს 2014 წლის 9 იანვარს გადაჰყვა. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბერაიამ ნოსაძის სამსახური გააუქმა. გელა ნოზაძე 2013 წლის ოქტომბრიდან იმ დოკუმენტებს ითხოვდა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მაწანწალა ძაღლების პროგრამის თანხები ,,შესაბამისად” გაიხარჯა.

პირველი ეჭვი

2013 წლის 18 თებერვალს ხაშურის საკრებულომ რამდენიმე არასამეწარმეო იურიდიული პირი (აიპი) ჩამოაყალიბა. ესენია: ,,ხაშურსერვისი”, ,,სარიტუალო მომსახურება”, ,,საგზაო ინფრასტრუქტურა” და ა.შ. ადრე არსებული ორგანიზაციები კი, მაგალითად, ,,ნათება”, ,,სანიტარული დასუფთავება”, ,,ოაზისი 2008″, ,,მუნიციპალური სასაფლაო” და სხვები გააუქმა. ოთხ თვის თვის შემდეგ რამდენიმე ახალი,,აიპი” 2013 წლის ზაფხულში ჩამოყალიბებულ ,,სავანეს” დაუქვემდებარეს.

ახალ ,,სავანე” – ს სანიტარული მომსახურების, მაწანწალა ძაღლების მოვლა-პატრონობის, გამწვანების, სასაფლაოების მოწყობის, იქ არსებული ნაგვის გატანის ფუნქციები დააკისრეს. ამ ფუნქციების შესრულებას კი შესაბამისი პროგრამა შეუდგინეს და თანხები გამოუყვეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შედგენილი პროგრამის მიხედვით, მხოლოდ, მაწანწალა ძაღლებისთვის აიპი ,,სავანეს” 42 ათასი ლარი გამოუყვეს. ამავე ,,აიპი”-ს სხვა რაოდენობის თანხები ,,გამწვანების” პროგრამებშიც მისცეს. ეს პროგრამები ერთ დიდ საერთო ,,პროგრამაში” გაერთიანდა. მას ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ესთეტიკური და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამა” დაარქვეს. პროგრამის საბოლოო ვარიანტი 2013 წლის 23 აგვისტოს გამოიცა. სწორედ ამ საბოლოო ვარიანტში წერია, რომ აიპი ,,სავანეს”, 2013 წლის განმავლობაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისთვის და მათი მოვლა-პატრონობისთვის 42 360 ლარი გადაეცემოდა.

2013 წლის 26 ივლისს (მესამე კვარტალი) ხაშურის მუნიციპალიტეტმა აიპი ,,სავანეს” ამ პროგრამის ფარგლებში 31 310 ლარი გადაურიცხა. ეს თანხა მუნიციპალიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსმა გელა ნოზაძემ იმ ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე გადაურიცხა, რომლის მიხედვით წერია, რომ პირველი ტრანშის თანხებით შეძენილი იქნებოდა თოფი (15 ათას ლარად), ხოლო დანარჩენი თანხით თავშესაფარის მშენებლობა დაიწყებოდა. რაიონის ბიუჯეტში მათთვის გათვალისწინებულ და დარჩენილ 10 ათასი ლარს კი მუნიციპალიტეტი ,,აიპის” ანგარიშზე მეოთხე კვარტალში გადარიცხავდა.

მეოთხე კვარტალში, 2013 წლის ოქტომბერს, აიპი ,,სავანემ” დარჩენილი თანხა 10 ათასი ლარი მოითხოვა. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბუღალტრული ანგარიშგების სამსახურის უფროსმა გელა ნოძაძემ უკვე გადარიცხული 31 310 ლარის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ ნახა. აქედან გამომდინარე, გელა ნოზაძემ ,,აიპი”-ს, დამატებით 10 ათასი ლარის გადარიცხვაზე, უარი უთხრა. ამ უარმა მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბერაია გააღიზიანა. ,,აიპი”-ს ხელმძღვანელი ემზარ ბუაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილს წერილზე სწერდა, რომ ემოქმედა და თანხის გადარიცხვა დაეჩქარებინა.

 

დაძაბულობა მუნიციპალიტეტში


2013 წლის ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბერაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მუნიციპალიტეტის ბუღალტრული ანგარიშგების სამსახურის უფროსი გელა ნოზაძე, აიპის დირექტორი ემზარ ბუაძე და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი თეიმურაზ ფარეიშვილი ერთმანეთს წერილებით და ,,მოხსენებითი ბარათებით” ესაუბრებიან. 10 ათასი ლარის ,,შეჩერების” გამო ყველა მათგანი გელა ნოზაძეს საყვედურობდა. უფრო მეტიც გელა ნოზაძე მუნიციპალური პროგრამების ჩავარდნის საფრთხის დაყენებაშიც კი დაადანაშაულეს. 2013 წლის 26 დეკემბერს გამგებელი გოგი ბერაია იძულებული გახდა, რომ საკუთარი ხელით მოადგილისთვის მამუკა წიქარიშვილისთვის დაეწერა: ,,უზრუნველყავით გადარიცხვა სასწრაფოდ”. ეს ბრძანება წიქარიშვილმა კი გელა ნოზაძეს გადაუგზავნა: ,,ბატონ გ. ნოზაძეს, სასწრაფოდ რეაგირებისთვის”. გელა ნოზაძემ ორჯერ რეზოლირებულ წერილს თავისი ჩანაწერი დაურთო: ,,ბატონ ბერაიას და ბატონ წიქარიშვილის ბრძანების საფუძველზე გადარიცხეთ შესაბამისი თანხა” – თაირღი 26.12.2013 წელი. აიპი ,,სავანემ” წლის ბოლოს დარჩენილი 10 ათასი ლარიც მიიღო და 42 ათასი ლარი შეუსრულდა.

 

დეკემბრის ცარიელი თავშესაფარი


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის იანვარში ხაშურის თავშესაფარის ძებნა დაიწყო. აიპი ,,სავანეს” დირექტორმა ემზარ ბუაძემ ერთ-ერთ ობიექტზე მიგვიყვანა, სადაც მხოლოდ ახლადაშენებული, სველკედლებიანი მცირე ფართობის უსახურავო შენობა დაგვხვდა. ემზად ბუაძის თქმით, მისი მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო, ხოლო მშენებლმა თემურ ნოზაძემ გვითხრა, რომ მშენებლობა დეკემბერში დაიწყო. ბუნებრვია, შენობაში, რომლის მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყო, ზაფხულში და შემოდგომით ხაშურში ,,დაჭერილი” ძაღლები იქ არ დაგვხდებოდა.

ძაღლები ,,აიპი სავანეს” არ დაუჭრია. მან ამ დავალების შესასრულებლად ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილი მოძებნა. აიპი ,,სავანეს” მიერ დაქირავებულმა ინდმეწარმე ,,გიორგი მათიაშვილმა” ხაშურის ძაღლები, პირველად, 2013 წლის 22 ივლისს დაიჭირა. გელა ნოზაძის მიერ მოპოვებულ ზედნადებზე წერია, რომ ინდმეწარმე მათიაშვილმა დახოცილი 29 ძაღლი აიპი ,,სავანეს” მთავარ სპეციალისტს ვასილ ხაჩიძეს წარუდგინა.

მომდევნო აქტები 2013 წლის 6 და 15 აგვისტოს აგვისტოს შედგა. ამ აქტების მიხედვით 6 აგვისტოს 36 მაწანწალა ძაღლი იყო დაჭერილი. 15 აგვისტოს აქტით კი დამატებით 34 ძაღლი დაიჭირეს. 2013 წლის 14 ნოემბრის წერილით აიპი ,,სავანეს” დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგებელს სწერს, რომ იმ პერიოდისთვის უკვე დაჭერილი იყო 138 მაწანწალა ძაღლი, რომლის ღირებულებამ 6 789 ლარი შეადგინა. გელა ნოზაძე თვლის, რომ ამ რაოდენობის თანხაზე აიპი ,,სავანეს” არა თუ ინდმეწარმესთან უნდა დაედო ხელშეკრულება, არამედ ტენდერი უნდა გამოეცხადებინა. ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ ერთი ძაღლის დაჭერა აიპი ,,სავანეს” 49 ლარი და 50 თეთრი დაუჯდა. წარმოდგენილ დოკუმენტებში და აქტებში არსად წერია, თუ რომელ თავშესაფარში გადაიყვანეს დაჭერილი ძაღლები.

 

დაკარგული ,,შავყურა თეთრი ბიმი”


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელები გორში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე ჩამოსულები ერთად ვნახეთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ჩვენი კითხვებისგან თავის არიდება სცადეს. კითხვა მარტივი იყო: სად არის ხაშურში დაჭერილი 138 ძაღლი?

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე აღიარებს, რომ საერთოდ არ იცის ამის შესახებ. ,,ჩავიხედები დოკუმენტებში” – გვეუბნება და თან მანქანისკენ მიემართება. მუნიციპალიტეტის გამგებელი აიპი ,,სავანესკენ” გვამისამართეს. ,,ნახეთ მაგ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ის გეტყვით სად წაიყვანა ძაღლები” – ამბობს ბერაია. მას ,,სავანეს” ხელმძღვანელის ინფორმაციას ვეუბნებით, რომ თითქოს ძაღლები თბილისში მიჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად სად, არ ვიცით. ,,თბილისში არა, მე როგორც ვიცი, ძაღლები რაიონიდან გაჰყავთ” – აღნიშნავს გამგებელი. მას, მხოლოდ, ის აინტერესებს, რომ მთავარია ძაღლები რაიონიდან გაჰყავთ.

ამის შემდეგ ,,გიორგი მათიაშვილის” ძებნა დავიწყეთ. იმ ოფიციალურ ნომერზე, რომელიც შესყიდვების სამსახურს დოკუმენტებში აქვს მითითებული, გიორგი მათიაშვილის ნაცვლად ქალბატონმა გვიპასუხა: ,,მე ეს ნომერია 3 თვეა რაც მაქვს. არც კი ვიცით ვინაა გიორგი მათიაშვილი” – გვიპასუხეს ნომერზე.

აიპი ,,სავანეს” დირექტორის ემზარ ბუაძის ნათქვამის საფუძველზე გიორგი მათიაშვილის ძებნა ახლა უკვე ქვემო ქართლში: ბოლნისში, გარდაბანში და მარნეულში დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის განმავლობაში იქაური მაწანწალა ძაღლების იზოლაციის და თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზეც ინდმეწარმე ,,გიორგი მათიაშვილი” მუშაობდა. სამივე მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ წარმოდგენა არა აქვთ, თუ სად წაყვანა მათიაშვილმა ბოლნისის, გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ძაღლები.


,,თბილისი”


დედაქალაქში ორ თავშესაფარს მივაკითხეთ. ერთი მათგანი თამაზ ელიზბარაშვილს ეკუთვნის, მეორე კი ცხოველთა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელს თეიმურაზ წიქორიძეს. ორივე მათგანმა კატეგორიულად უარყო რაიონებიდან ძაღლების მიღების ფაქტი. ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტების ცნობის შესახებ კი ორივე მათგანის რეაქცია საკმაოდ მძიმე იყო.

თეიმურაზ წიქორიძის განცხადებით, თუ ოფიციალურ დოკუმენტაციაში არის სერიოზული ხარვეზები, უნდა ჩავთვალოთ, რომ ხორცის ბიზნესთან გვაქვს საქმე.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები