სტატიები
ნასვამები ხაშურის საკრებულოში და ახალი გამგებელი (Video)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 19 მარტს წერდა, რომ გოგი ბერაიას გადადგომა, 2 კვირის წინ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ურჩიეს. ბერაია ჯერ შვებულებაში გავიდა, ხოლო შვებულებიდან დაბრუნებულმა იმავე დღეს განცხადებაც დაწერა.

ვითარების გასარკვევად ხაშურის საკრებულოში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს აგრესიულად დახვდნენ. განსაკუთრებით საკრებულოს ერთ-ერთი სპეციალისტი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზურაბ ქურდაძე გამოირჩეოდა. მან ჟურნალისტს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი ნასვამობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრს ,,112″-ს ეცნობა. ხაშურის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა კი, ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს თანამშრომლის მდგომარეობა შეესწავლა, დაკითხვაზე ჟურნალისტი საათობით დააყოვნეს.

ახალი გამგებლის არჩევის დეტალებზე საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ინფორმაცია არა აქვთ. ზოგი ამბობდა, რომ ეს ამბავი ,,უცბათ” მოხდა, ზოგი ამბობდა, რომ საკითხები წინასწარი იცოდნენ, ზოგმა ისიც თქვა, რომ 2 დღის წინ ფლობდა ინფორმაციას. ფრაქცია ,,რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ კი ვერ გაიგო რა გვაინტერესებდა. ჩვენს კითხვაზე, რა მოხდა ,,საღამოს მოულოდნელ” სხდომაზე, მან პასუხი ვერ გაგვცა. ხაშურის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების ,,რეაგირების” გამო კი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ახალ გამგებელთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ის 2013 წლის 7 ოქტომბერს ბენზინგასამართ სადგურ ,,ლუკოილთან” მომხდარ ავარიის ფაქტზე ფიგურირებდა, როდესაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. გამოძიების მასალებით მანქანის მფლობელის ბრალეულობა არ გამოიკვეთა. გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს კი მის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.

რაც შეეხება გამგებლის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას, ხაშურის საკრებულოში ამ საკითხის გასარკვევად ნასვამი თანამშრომელი დაგვახვედრეს. ხაშურის განყოფილებაში კი გვითხრეს, რომ უფლება არა აქვთ საჯარო მოხელე ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმონ. ჟურნალისტმა ხაშურის პოლიციის განყოფილება პროტესტის ნიშნად დატოვა.

21 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტს ზურაბ ქურდაძეს, რომელიც 20 მარტს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს საკრებულოს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა და მუშაობაში ხელს უშლიდა, ნასვამობა დაუდგინდა. ამის შესახებ ხაშურის პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს. ქურდაძის შემოწმება ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს ,,112″-ს 20 მარტს 16:30 წუთზე მოსთხოვა. 21 მარტს კი საკრებულოში განაცხადეს, რომ ქურდაძე პოლიციელებმა მოძებნეს და ის სუფრაზე ნახეს, ოღონდ არასამუშაო საათებში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხაშურის საკრებულოში 20 მარტს გამგებლის გადარჩევის საკითხის გასარკვევად იყო მისული. გამგებელი გოგი ბერაია 19 მარტს გადაირჩიეს და დანიშნეს მამუკა ხაჩიძე. ჟურნალისტს ადგილზე არც საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და არც მისი მოადგილე, თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცხადიაშვილი დახვდა. ლომიძე შვებულებაში გასულა, ხოლო მის მოვალეობას ცხადიაშვილი ასრულდებდა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა ინფორმაციის მისაღებად საკრებულოს აპარატს და საკრებულოს წევრებს მიმართა. საკრებულოს სააქტო დარბაზში, სადაც აღმოჩნდა, რომ სურამის სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები იმყოფებოდნენ, ჟურნალისტის დანახვაზე აგრესია გამოხატეს. მათი თქმით, სააქტო დარბაზი საიდუმლო ოთახს წარმოადგენდა და ჟურნალისტს უნდა დაეტოვებინა. კომისიის წევრებმა ვიდეო-კამერის დაზიანება, ხოლო დარბაზის დატოვება იძულების წესით სცადეს. პიროვნებებს შორის ნასვამებიც აღმოჩნდნენ.

,,112″-ზე ზარის განხორციელების შემდეგ ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი პოლიციაში გამოკითხვის ოქმის შესადგენად წაიყვანეს, თუმცა ერთი საათის განმავლობაში საკრებულოს ის სპეციალისტი, რომლის შემოწმება ჟურნალისტმა მოითხოვა, პოლიციაში არ ჰყავდათ წარმოდგენილი. ჟურნალისტმა პოლიციის შენობა პროტესტის ნიშნად დატოვა. მეორე დღეს 21 მარტს, ხაშურის პოლიციაში ჟურნალისტის მიერ ვიდეო-მასალის წარადგენისას განუცხადეს, რომ საკრებულოს სპეციალისტი უკვე არასამუშაო საათებში იპოვეს, ოღონდ ,,სუფრაზე” და, შესაბამისად, ნასვამობაც დაუდგინდა. ჟურნალისტის პროტესტიც იმას ეხებოდა, რომ პოლიციელებმა საჯარო მოხელე 18:00 სთ-მდე ვერ მოძებნეს და ვერ შეამოწმეს.

ხაშურის საკრებულოში გვითხრეს, რომ ის პირები, რომლებსაც ჟურნალისტთან კამათი მოუვიდათ, დროებით დაქირავებული თანამშრომლები არიან და მათთან 3 თვიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული. ხელშეკრულებების ვადები კი უკვე იწურებაო. 21 მარტს აღმოჩნდა, რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ,,თავისუფალ დემოკრატს” გიორგი ცხადიაშვილს ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულიც კი არ ჰქონია. ის სამსახურში არც 21 მარტს დაგვხვდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები