სტატიები
,,კაი თამადა, კაი მელექსე, კაი მზარეული, კაი ქართველი" - ქარელის საკრებულოში

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სპარტაკ ეკალაძე საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო არდემანაშვილმა წარადგინა. ის ფრაქცია ,,ქარელელებმა" ასე დაახასიათეს: ,,მის ბიოგრაფიას ყველა იცნობს. სპეციალობა ინჟინერი, სამი შვილის მამა, ერთი შვილიშვილის ბაბუა, ბოდიში, პაპა, ყოფილი სპორტსმენი".

 

სპორტსმენის ხსენებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნება სპორტის სფერო ჩაებარებინათ.

 

ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ბეხრიშვილი დაასახელეს.  ,,თქვენ გაინტერესებთ?" - ჰკითხა ბეხრიშვილმა ოპოზიციონერებს. აღნიშნა, რომ ისტორია-ფილოლოგიური აქვს დამთავრებული ცხინვალის უნივერსიტეტში. ,,და არის კარგი თამადა, კაი მელექსე, პოეზიის დიდი მოყვარული, სუფრის მშვენება, კარგი მამა, კარგი ქმარი." - ასეთი ფრაზები მოჰყვა მის სიტყვას.

 

ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის ხელმძღვანელად ,,ეროვნულმა ფორუმმა" გია ბუთხაშვილი დაასახელა. - ,,იბრძოდა საქართველოსთვის, არის კარგი მეუღლე, უღალატო ადამიანი, შეიძლება მასთან ერთად ომშიც წახვიდე." 

 

ერთ-ერთ კომისიის წევრად ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ" ნიკოლოზ ქერეჭაშვილი დაასახელა. ეს პატივი პროფესიით ექიმს მარინა ქარსანაშვილს ერგო. ,,არის ძალიან მაგარი ექიმი, საოცრად მიღებული კოლექტივში, მუშაობა დაიწყო ქარელის საავადმყოფოს მზარეულობიდან, მის მერე მუშაობს შვებულების გარეშე, კარგი ქართველი, წესიერი ოჯახის შვილი. ნიკო შენს გვერდით ვართ" - უთხრა კოლეგამ კოლეგას. 

 

,,ეს მზარეულობა რა იყო?" - იკითხა ერთ-ერთმა დეპუტატმა.

 

,,იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს, რომ არ დაბადებულა კომისიის თავმჯდომარედ" - უპასუხა მარინა ქარსანაშვილმა.

 

,,მე მაგის გაკეთებული საჭმელი არ მინახია" - იხუმრა სხვა დაპუტატმა.

 

,,ერთხელ რაღაც სალათას ვაკეთებდით, გამოგლიჯა ეს კოვზი და ორი ხელით ისე აურია, რომ მე მგონი წინა ცხოვრებაში მზარეულო იყო." - განაცხადა მარინა ქარსანაშვილმა. როგორც კი შეატყო, რომ თვით ნიკოლოზ ქერეჭაშვილს მზარეულობის თემა ეუხერხულობდა, მარინა ქარსანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს უსაყვედურა:

 

,,რა არი, ყველაფერს იღებს ეს გოგო რაა, სულ მე უნდა ვიყო ქართლი.ჯი-ზე?"

Print

სტატიის გამოყენების პირობები