სტატიები
იარაღით დაჭრა ლამისყანაში - ეჭვმიტანილია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. მოწმეები კასპის პოლიციაში იკითხებიან. სისხლიანი გარჩევა კი ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო.  ავთანდილ გოგიაშვილსა და კახა ღვინაძეს შორის კამათი ყანის მკის დროს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, გოგიაშვილი შპს ,,მექანიზატორის" წარმომადგენლისგან საკუთარი ყანის დროულად აღებას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო.

 

არსებობს კიდევ ერთი მოტივი, რამაც ერთ თემში მცხოვრები ორი პიროვნების ურთიერთობა მძიმე დაპირისპირებაში გადაზარდა. ავთანდილ გოგიაშვილის შვილი სოფელ ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი იყო,  სოფელში, რაიონის გამგებლის წარმომადგენლად, კახა ღვინაძის დანიშვნა.  გოგიაშვილსა და ღვინაშვილს შორის დაძაბულობა ამასაც უკავშირდება.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ  ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მუშაობა. ,,პიროვნება დადგენილია, მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება" - გვითხრეს პრესსამსახურში.

 

იხ. ვიდეო: ,,კასპის საკრებულოს თავმჯდომარედ ავთანდილ გოგიაშვილის არჩევა" (2013 წლის 23 აგვისტო)

Print

სტატიის გამოყენების პირობები