სტატიები
როდემდე იქნება სადგურის გზა დანგრეული

 

ინფრასტრუქტურული პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გავლით ხორციელდება. რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები 3 ეტაპს მოიცავს, რომლის საერთო ღირებულება 5 მილნ ლარს შეადგენს.

 

პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული 950 000 ლარი შპს ,,ნოვა“-მ აითვისა და ის 2014 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდა. თუმცა ამ დასრულებას მუნიციპალიტეტში წარმატებულს არ უწოდებენ, რადგან კომპანიას გარკვეული ვალდებულებები დაურღვევია და დააჯარიმეს. ამის შემდეგ მეორე ეტაპისთვის გამოცხადებულ ტენდერში ,,ნოვას" ნაცვლად ,,სამშენებლო ტრესტი #3"-მა გაიმარჯვა. ტენდერში მონაწილეობას 10 კომპანია იღებდა.

 

ტენდერის საწყისი ფასი  2 მლნ 781`000 ლარი იყო. სამშენებლო ტრესტმა კი სამუშაოების შესასრულებლად 1 მლნ 718 546 ლარი შესთავაზა, თითქმის ერთ მილიონზე ნაკლები. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მიუთითა ასე დაბალი ფასი კომპანიამ, მისმა ხელმძღვანელმა ვახტანგ ყანჩაველმა გვითხრა, რომ ლაფსუსი პროექტში აღმოაჩინა. კერძოდ, გაბერილი იყო ის მასალა, რომელიც შეიძლებოდა კომპანიას რეაბილიტაციის პროცესში მრავალჯერადად გამოეყენებინა.

 

,,ფაქტიურად, მე მუნიციპალიტეტს ერთი მილიონი ლარი დავუზოგე" - აღნიშნა ვახტანგ ყანჩაველმა. 

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საკანალიზაციო სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ პარალელურად, ასფალტის დაგების სამუშაოები არ მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ,,ნოვამ" ისე ჩააბარა ობიექტი გამგეობას, რომ იქ ახალი ასფალტი არავის უნახავს. უსწორმასწორო ასფალტით მხოლოდ ის ორმოები ამოავსეს, რომელიც ,,ნოვამ" კანალიზაციის მილების ჩაყრის მიზნით ამოთხარა. 2014 წლის 6 ივლისს მოსულ სეტყვის დროს ეს ორმოები ამოითხარა და მანქანები ჩაცვივდა. მანქანები დაზიანდა.

 

ანალოგიური მდგომარეობაა მეორე ეტაპზე. ,,სამშენებლო ტრესტის" მიერ ჩაყრილ კანალიზაციის მილების ზემოთ წვრილმარცლოვან ღორს ყრიან. რა მდგომარეობაში უწევს ავტომანქანებს მოძრაობა, ეს ფოტოებით კარგად ჩანს.

 

სამშენებლო ტრესტ #3-ს აღებული აქვს ვალდებულება, რომ 33 კოლექტორი გააკეთოს. კოლექტორებს შორის მანძილი რამდენიმე მეტრია. თითო კოლექტორზე თითო ხარჯთაღრიცხვაა გაკეთებული. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთი კოლექტორის ხარჯთაღრიცხვის ნიმუშს წარმოგიდგენთ.

 

,,კოლექტორი კ-1-4"

 

1. ასფალტის საფარის მოხსნა 14.139 კვ.მ, (ფასი 100.38 (ასი ლარი და ოცდათვრამეტი ლარი)

2. მე-3 კატეგორიის გრუნტის დამუშავება ექსკავატორით 87 კბ.მ(260 ლარი)

3. მესამე კატეგორიის გრუნტის დამუშავება ხელით 37 კბ.მ (372 ლარი)

4. დამუშავებული გრუნტის და ასფალტის ნატეხების დაყრა (270 ტონა) 2 163.7 ლარი

5. კანალიზაციის პოლიეთილენის გოფრირებული მილის შეძენა-მონტაჟი, 107 მ. (1102 ლარი)

6. კანალიზაციის რკინა ბეტონის ანაკრები წრიული ჭის შეძენა მონტაჟი, 4 ცალი სხვადასხვა დიამეტრის (ჯამში 2072 ლარი)

7. ჭების ქვეშ ხრეშის ბალიშის მოწყობა 1.936 კბ.მ (30.9 ლარი)

8. გამირების მოწყობა ჭაში (17.73 ცალი) - 70.9 ლარი

9. ჭების გარე ზედაპირის ჰიდროიზოლაცია ბითუმის მასტიკით 2 ფენად (23 კბ.მ) 92.11 ლარი

10. ქვიშის შეძენა, მოტანა, უკუჩაყრა, დატკეპნით, პლასტმასის მილების ქვეშ 10 სმ, ზევიდან 20 სმ (34 კბ.მ) 749.9 ლარი

11. ბალასტის შეძენა, მოტანა, უკუჩაყრა (60.9 კბ.მ) 608.7 ლარი

12 ღორღის შეძენა, მოტანა, უკუჩაყრა ასფალტის მომზადებამდე (17.9 კბ.მ) - 341 ლარი

 

ახლა მივადექით, სწორედ, ახალი ასფალტის საფარის თემას.  

 

13. ასფალტის საფარის მოწყობა (94.26 კვ.მ) 188 ლარი 52 თეთრი (მხოლოდ ხელფასი)

14. ასფალტის საფარის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონისაგან სისქით 5 სმ (1 479 ლარი და 88 თეთრი)

15. ასფალტის საფარის მოწყობა წვრილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონისაგან სისქით 3 სმ (801 ლარი და 21 )

 

ცხრილიდან ჩანს, რომ გზის საფარზე ძველი ასფალტის სრულად მოხსნის სამუშაოები არ ჩანს.

 

ჯამში ერთი კოლექტორის (შემკრები) ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 10 435 ლარია.

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები