სტატიები
,,რესპუბლიკური" ჯილდო ერთ თვეში - პრემია, დანამატი, სარგო

 

ჯერ-ჯერობით, ,,რესპუბლიკელების" ეს ინიციატივა, მხოლოდ, პრემიებს ეხება. სახელფასო დანამატები კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. ხიდაშელის თქმით, ადგილობრივ საკრებულოებს დებულებებში ცვლილელების შეტანა აღარ დაჭირდებათ, რადგან პრემიების საკითხი პირდაპირ კანონის ძალას დაექვემდებარება.

 

Qartli.gE-მ მოიპოვა დოკუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ ისარგებლეს ხელფასის სამმაგი ოდენობით,  მაგალითად, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, საკრებულოს ,,რესპუბლიკელმა" წევრებმა კასპში. 2013 წლის დეკემბრის მონაცემებით, ,,რესპულიკელებმა" - ხათუნა თათანაშვილმა და შალვა დემეტრაშვილმა - ხელფასთან ერთად,  აიღეს იმავე ოდენობის პრემია და დანამატი. 

 

2013 წელს ხათუნა თათანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და მისი სარგო 1 100 ლარს შეადგენდა. 2013 წლის 27 დეკემბერს კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ გოგიაშვილმა, რომელიც ერთი კვირის წინ, თანასოფლელის დაჭრისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის პოლიციას ჩაბარდა, გამოსცა განკარგულება #650 ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე ერთდროულად ფულადი პრემიის გაცემის შესახებ". ამ განკარგულებას თან ახლავს დანართი, სადაც, ხათუნა თათანაშვილის და შალვა დემეტრაშვილის გვარებიც ფიგურირებს.  

დეკემბრის ამბავი ამით არ დამთავრებულა. იმავე დღეს კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ გოგიაშვილმა გამოსცა კიდევ ერთი #651 განკარგულება, რომელიც ასე ფორმულირდება: ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრთა წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ". განკარგულებაში ვკითხულობთ:  ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებზე, სამსახურებრივი მოვალეობის აქტიურად შესრულებისთვის, ბიუჯეტის ჭარბი შემოსავლების გამო, დამატებით მიეცეთ ერთი თვის ხელფასი". განკარგულების მეორე მუხლში კი საკრებულოს თავმჯდომარე ავალებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომ ,,პრემია" დროულად გასცეს.

 

ფაქტობრივად, ხათუნა თათანაშვილმა დეკემბერში მიიღო ხელფასი+პრემია+დანამატი, ჯამში 3 300 ლარი; ხოლო ფრაქცია ,,რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ შალვა დემეტრაშვილმა მიიღო 3-ჯერ 650 ლარი.

 

ვინაიდან, დეკემბრის განკარგულებები ყველა მოხელეს და სპეციალისტს ეხება, ჯამში, დეკემბრის თვეში, მუნიციპალიტეტში 100 ათას ლარზე მეტი პრემია და დანამატი გაიცა.

 

ზუსტად იგივე გაგრძელდა 2014 წლის 21 იანვარს. საკრებულოს თანამდებობის პირებმა (თავმჯდომარემ, მოადგილემ და კომისია/ფრაქციების ხელმძღვანელებმა) ხელფასთან ერთად აიღეს პრემია + დანამატი.

 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებს, ზოგადად, პრემიები დეკემბრის აქეთ-იქით თვეებშიც დარიგდა.  საკრებულოში 39; ხოლო გამგეობაში - 166 მოხელეზე.

 

საკრებულოსა და გამგეობის სრულმა შემადგენლობამ პრემიები, 2013 წლის 21 ნოემბერს,  ჯამში 90 ათასი ლარი აიღეს. იგივე განმეორდა 2014 წლის იანვარშიც. ფაქტობრივად, ზამთრის პერიოდში, კასპის მუნიციპალიტეტში 300 ათას ლარამდე დანამატი და პრემია გაიცა. ანაზღაურების ჭრილში, საჯარო მოხელეებზე გაწერილი თანხა, ხელფასთან ერთად, ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

 

P.S 2013 წლის დეკემბერს, საკრებულოს, მხოლოდ, 2-მა თანამშრომელმა გიორგი მიგრიაულმა და რატი თათხაშვილმა, რომლებიც გაფორმებული იყვნენ როგორც ექსპერტ-კონსულტანტები,  პრემიები იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ აიღეს, რომ მათ 2013 წლის 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე Qartli.gE-ს ჟურნალისტები არ დაუშვეს. რედაქციამ მათ მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა და საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ, ამის გამო არ ერგოთ პრემიები. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წყალობით, ამ თვეს ბიუჯეტში 840 ლარი დაიზოგა.

 

ავტორი: საბა წიწიკაშვილი

 

დოკუმენტები: 2013 წლის 27 დეკემბერი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები