სტატიები
,,სად გაქრა ჩვენი 500 ლარები?!"

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 ივლისის განკარგულებით, დეპუტატებისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური ანაზღაურება 500-500 ლარი, მართლაც, გაუქმდა.  სადეპუტატო ხარჯების ეს ნორმა ამავე საკრებულოს მიერაა დამტკიცებული. ახალ შემადგენლობას საკმაოდ ცინიკურად მოეჩვენა ფრაზა: ,,გაუქმდეს ახალი მოწვევის საკრებულოს ამოქმედებისთანავე". რამდენიმე დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს თავისივე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ ჰქონდაო.

 

2014 წლის მოწვევის ახალ საკრებულოში ძველი შემადგენლობის წევრებიც მოხვდნენ. ვანო არდემანაშვილმა მათ მიმართა: ,,ხმა მიეცით ამ განკარგულებას?!". ,,სალომე ზურაბიშვილის - საქართველოს გზის" წარმომადგენელმა ეკა მამიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს შეუძლია დღის წესრიგში ეს საკითხი ხელახლა დააყენოს.

 

,,ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ყველა დეპუტატს მოჭრილად დაერიცხოს ეს თანხა" - ამბობს ეკა მამიჯანაშვილი. მას ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელიც დაეთანხმა. ,,ხარჯები უნდა იყოს ანაზღაურებული იმის მიხედვით, ვინ რა სამუშაოები გასწია" - აღნიშნეს მათ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მიზანია, რომ 500 ლარიანი დანამატები აღდგეს. მან ამის პირობა დადო, ხოლო მომდევნო სხდომაზე შესაბამისი პროექტი დარიგდება. 

 

,,მე, რა თქმა უნდა, ამ თანხას არ ავიღებ, რადგან მაქვს საწვავის და ტელეფონის ლიმიტი. მაგრამ, საკრებულოში არიან დეპუტატები, რომლებსაც ანაზღაურება არა აქვთ" - აცხადებს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე. უმრავლესობა მზადაა 2014 წლის 4 ივლისის განკარგულება გააუქმოს.

 

 

500 ლარიანი ხარჯების საკითხს გორში კი უხმაუროდ არ ჩაუვლია. 2014 წლის აპრილში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ მიმართულებით საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა. დადგინდა, რომ  ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, კერძოდ მკაცრი აღრიცხვის ფინანსური დოკუმენტები, მხოლოდ, დეპუტატების მოხსენებითი ბარათებით შემოიფარგლება. ხვდებოდნენ თუ არა დეპუტატები ამომრჩევლებს, ცარიელი ფურცლების გარდა, არაფრით მტკიცდება.

 

საიას ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ეს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რადგან საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უნდა ასრულებდნენ. შეხვედრას ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილიც ესწრებოდა. მას 500 ლართან დაკავშირებით თავის შენიშვნები ნორმის დაწესების დღიდან აქვს. ედიშერაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის დეპუტატებს მოსახლეობამ ხმა იმიტომ მისცა, რომ მისი ინტერესების ლობირება რაიონის ხელმძღვანელობის დონეზე უსასყიდლოდ გაეწია: ,,თუ დეპუტატს იმის ფულიც არა აქვს, რომ საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად ტრანსპორტის თანხა გადაიხადოს, მაშინ ვინ აიძულებდა, რომ დეპუტატი გამხდარიყო” – ამბობს თამარ ედიშერაშვილი.

 

გორის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში, საკრებულოს სხდომებზე და კომისიების შეხვედრებზე დასწრება, ასევე ამომრჩევლებთან შეხვედრა ითვლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე დეპუტატი სხდომებს და შეხვედრებს არ ესწრება, ხოლო ამომრჩევლებთან მათი შეხვედრის დამადასტურებელი საბუთები კი საერთოდ არ არსებობს: ,,უფრო მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ამომრჩევლებთან შეხვედრა არც უწარმოებია. ბევრი დეპუტატი კი სხდომებს და კომისიის შეხვედრებზეც არ დადის. მიუხედავად ამისა, 500 ლარის იღებენ” – განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები