სტატიები
მეჩეთის მშენებლობის პრობლემა მიქელწყაროში

 

მიქელწყაროში ინტერვიუები 2014 წლის ივნისის დასაწყისშია ჩაწერილი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღნიშნულ სოფელში, სწორედ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ქალბატონი სოფლის ცენტრში იმიტომ მოვიდა, რომ თავისი გულისტკივილი ეთქვა:

 

,,ჩემი ნაკვეთი მივეცი სოფელს, რომ იქ მეჩეთი აშენებულიყო. ყველგან არის ეკლესიებიც და მეჩეთებიც, იქ სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს.  აქ კი გააჩერეს კასპიდან" - გვითხრა ასაკოვანმა ქალბატონმა. მისი თქმით, მეჩეთის მშენებლობა სოფლის ახალგაზრდობამ მოსახლეობიდან გაღებული ფულადი შემოწირულობებით დაიწყო.

 

,,როგორც მე ვიცი, ნახაზები ძველი ყოფილა" - საუბარში შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი პიროვნება ჩაერთო. ეს ინფორმაცია სხვებმაც დაუდასტურეს. 

 

,,შეჩერება ახალი ხელისუფლების პერიოდში მოხდა. მიზეზი ის არის, რომ პროექტი არასწორი იყო. გარდა ამისა, ნახაზს არ იძლევიან. პროექტიც ძველი ყოფილა." - განმარტა მან.

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, ამ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 29 ივლისს, თითქმის, ერთი თვის შემდეგ ჩავწერეთ. როგორც აღმოჩნდა, არჩევნების შემდეგაც მუნიციპალიტეტში მიქელწყაროდან მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება ან შეტყობინება კვლავ არ შესულა.

 

,,რაც მე თანამდებობაზე ვიმყოფები, არჩევნებამდე 10 თვის განმავლობაში არანაირი განცხადებაა შემოსული. არც რაიმე მიმდინარე პროექტი არსებობს. არჩევნების შემდეგაც ადგილობრივების მხრიდან რაიმე წერილობით მოთხოვნას ადგილი არა აქვს"- ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.

 

Qartli.gE კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის ბიუროშიც შეეცადა საკითხის გარკვევას. როგორც აღმოჩნდა, ონოფრიშვილის ბიუროში, მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ პერიოდში წერილობითი მოთხოვნა არავის შეუტანია. 

 

სოფელი მიქელწყარო კასპის აღმოსავლეთით რამდენიმე ერთეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და, მთლიანად, ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობითაა დასახლებული. დასახლება კასპის ტერიტორიულ ორგანოს ეკუთვნის. მეჩეთი არც სხვა სოფლებში (ფერმა, ხიდისყური, საქადაგიანო) აქვთ.

 

ფოტო გადაღებულია აზერბაიჯანულ სოფლებში  ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ვიზიტისას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები