სტატიები
,,გამგებელმა იფიქრა, იფიქრა და გამათავისუფლა"

 

,,ბოლო თათბირზე გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა გამომიცხადა, რომ მე აღარ ვმუშაობდი. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, რომ მიზეზი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, შაბათ-კვირა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა, რომ თურმე ჩემი მუშაობით კმაყოფილი არ ყოფილა. მაშინ რატომ მიხდიდა მთელი წლის განმავლობაში მადლობებს? რატომ მოსწონდა ჩემი მუშაობა და ყოველთვის კმაყოფილებას გამოთქვამდა? თუ ჩემი მუშაობით უკმაყოფილო იყო, განწყობაც და მინიშნებაც ხომ უნდა ყოფილიყო მანამდე?" - აცხადებს ანი ბალიაშვილი.

 

გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ის ანი ბალიაშვილის მუშაობით, მართლაც, უკმაყოფილოა. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გულიაშვილს ის ფაქტი მოჰყავს, რომ კულტურის სამსახურს დაქვემდებარებული უწყებების (აიპიების) ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან.

 

,,ჩემი მხრიდან ანი ბალიაშვილს ხელშეწყობა ბევრ რამეში ჰქონდა. მაგალითად გაიარა ,,დამოუკიდებლობის სკოლა", ხელი შევუწყეთ, გავაგზავნეთ ტრენინგებზე.  მაგრამ ზოგი სხვანაირად იყენებს ამ ხელშეწყობას" - განმარტავს გამგებელი.

 

ბალიაშვილი ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელსაც სხვები იბრალებენ:

 

,,მქონდა ძალიან ბევრი იდეა, რომელსაც შემდეგ სხვები იბრალებდნენ. ვისი განხორციელებული იყო ინფო-ტურები? ვინ ატარებდა ახალგაზრდების ხელშემწყობ ღონისძიებებს? ვინ ახორციელებდა ახალ იდეებს, ჩემს იდეებს, რომლებიც პროგრამითაც კი არ იყო გათვალისწინებული? ჩემს იდეებს კი მართლაც სხვები იბრალებდნენ" - გვითხრა ანი ბალიაშვილმა.

 

ზაზა გულიაშვილს კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ახალი კადრი უკვე შერჩეული აქვს. ამ პოსტს მისი ყოფილი თანაშემწე ვასილ ბაქრაძე დაიკავებს.

 

რაც შეეხება გამგეობის სხვა სტრუქტურებს, ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნინო მაზმიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაიბარებს.  პრესსამსახური ეკა ბერუაშვილი, ამჟამად" შვებულებაშია და გამგებელმა გვითხრა, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილოა. ,,ვნახოთ, ცოტა დროს მივცემთ და თუ გამოასწორებს მუშაობას, დავტოვებთ" - ამბობს გამგებელი პრესსამსახურის შესახებ. 

 

რაც შეეხება ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს, ურბნისის რწმუნებული ციური ინდუაშვილი და ზღუდერის რწმუნებული იური ქობესაშვილი საკრებულოს დეპუტატები გახდნენ, მათ ნაცვლად, გამგებლის წარმომადგენლებად გენადი მახარაშვილი და გივი ელბაქიძე  დაინიშნენ. 

 

კეხიჯვარში დაინიშნა ცეზარ მწარიაშვილი, ხვედურეთში - გიორგი გეგელაშვილი, ახალსოფელში ინგა გიორგი წოწოლაშვილი, მოხისში - ოთარ ბერიაშვილი, დვანში - ნოდარ კოპაძე. სოფელ ფცაში კი წარმომადგენლად ამა სოფლის ყოფილი სპეციალისტი დანიშნეს, ხოლო რწმუნებული გათავისუფლდა.

 

,,ამ რწმუნებულების გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო იყო." - აცხადებს გამგებელი. ძირეული ცვლილება სულ 6 სოფელს შეეხო, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დანარჩენი ორი სოფლის ურბნისის და ზღუდერის ყოფილი რწმუნებულები საკრებულოში მოხვდნენ.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები