სტატიები
სასამართლოში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე დაკავებულების ,,გრძელი რიგებია"

 

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს როცა ქობულეთიდან ბრუნდებოდა,  გორის შესასვლელში პოლიცია დახვდა.  ,,ჩაშვებულები ხართ, ნარკოლოგიურში უნდა წაგიყვანოთ" - განუცხადეს პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს. ორივეს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

,,აგვისტოს პირველ რიცხვებში ქობულეთში ვიყავით. ფიჭვნარში ვიპოვეთ მარიხუანა, მოვწიე და მეუღლესაც გავასინჯე. გორში რომ ჩამოვედით, ტრასაზე პოლიცია დაგვხვდა და ისიც გვითხრეს, რომ ვიღაცამ ჩაგვიშვა. ჩადენილ ქმედებას ვაღიარებთ" - განაცხადა დაკავებულმა. მოსამართლემ ორივეს 500-500 ლარი დააკისრა.

 

ადმინისტრაციულ სასჯელს არ ასცდნენ 38 და 42 წლის თანასოფლელებიც. ისინი სასამართლო პროცესზე მეჯვრისხევის პოლიციის თანამშრომელმა გურამ გორგიშელმა ზერტიდან მიიყვანა.

 

,,ქორწილში ვიყავი თბილისში, მთვრალი ვიყავი, იქ მოვიხმარე მარიხუანა და არ მახსოვს დანარჩენი დეტალები." - განაცხადა ერთ-ერთმა.

 

მეორე დაკავებული, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს, ამბობს, რომ ათასში ერთხეულ თუ მოიხმარს ამ ნივთიერებას: ,,წლები არ მომიხმარია მარიხუანა და დაკავებამდე წინა დღეებში მოვიხმარე" - თქვა მან. მათაც ასევე 500-500 ლარი დაეკისრა.

 

დაკავებულებს შორის სოფელ აღაიანის მკვიდრი 44 წლის მამაკაციც აღმოჩნდა. მას პოლიცია არა თუ მოხმარებაზე, არამედ დიდი ოდენობით მარიხუანას დათესვა/მოვლაზე ედავება:

 

,,არ დამითესია და არც მომიყვანია, მთელ სოფელშია მოდებული ეგ მცენარე და რას მაბრალებენ, არ ვიცი. შეუძლებელია საქართველოში ამ მცენარის მოყვანა, ამ საქმეს სპეციალისტი ჭირდება. მისი მსგავსი მცენარეები მრავლადაა როგორც გზაზე, ისე ჩემს უბანში" - ამბობდა დაკავებული.

 

,,იმის გამო, რომ მსგავი ბალახი სხვაგანაც ფიქსირდება, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი" - აღნიშნა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ. დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასამართლდა და გირაო შეეფარდა.

 

ფოტოზე: პატრულის თანამშრომელი გიორგი ჩოხელი ,,მუშაობის" პროცესში 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები