სტატიები
ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე

 

 

 

 

სოფელი გოსტიბე ,,გოსტიბეობას" აღნიშნავდა. 1550 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ელექტროენერგიის აღდგენა 2013 წლის დეკემბერში დაასრულეს. მისი ოფიციალური გახსნა 2014 წლის აგვისტოში, გოსტიბეობას დაიგეგმა. 9 აგცისტოს დაპატიჟებული იყო ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც.

 

გოსტიბემდე ოსური სოფელი ცხავერია, სადაც ამჟამად 10 კომლი ცხოვრობს მუდმივად. კომუნისტების დროს იქ კომლთა რაოდენობა 70-მდე ითვლიდა. შეუტყვიათ, რომ კალაძეს გზად უნდა გაევლო და გოსტიბეს გზაგასაყარზე შეკრებილიყვნენ. კალაძე არა, მაგრამ ჯიპებით მიმავალი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და რაიონის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი კი მოხვდათ ხელთ. 3 ჯიპიდან ერთი წინ წავიდა, მოძრაობა არ შეუწყვიტა და ცხავერელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კალაძე იჯდა იქ.  როგორც შემდეგ გავარკვიეთ, კალაძე გოსტიბეში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო გოსტიბეში ბიზნესმენის, ვინმე რობერტის აგარაკზე რაიონის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის თამადობით და პარლამენტარ-გუბერნატორის მოადგილეობით (ფოტოზე ასე ჩანს) თეთრი ღვინო დაილია.

 

საზეიმო ,,პიკნიკი" გოსტიბეში კოშკთან დღის ორ საათზე იყო დანიშნული. მანამდე, დილის 10 საათზე, კასპის ცენტრიდან მიკროავტობუსები, ძირითადად, კულტურის სამსახურის და განყოფილებების მუშაკების თანხლებით დაიძრა. ალაგ-ალაგ მიკროავტობუსი გადათხრილ გზებზე ფერდობებზე ჩერდებოდა და მგზავრებს ფეხით გავლა უწევდათ.

 

13:30 წუთზე კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, სოფელ ახალქალაქის გადასახვევიდან, ჯიპები გამოჩნდა. სოფელ ცხავერთან, საიდანაც შიდა ქართლის მტკვრის ხეობა ხელის გულივით ჩანს, ადგილობრივები შეკრებილიყვნენ. თავდაპირველად, ისე ჩანდა, რომ ახალი ელექტრობოძების გახსნის ცერემონიალი ამ სოფლიდან იწყებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ელექტრობოძები სოფელს გვერდს უვლის.

 

,,რა გახდა ჩვენამდეც შემოეყვანათ ხაზი, ეს როგორი გაკეთებული საქმეა. კალაძე გვინდოდა გვენახა, როგორც ჩანს წინ წასულა" - ამბობდნენ ცხავერელები. შეფერხებულ დელეგაციას სწორედ ამ საუბარში მივადექით.

 

,,დენს მე მივხედავ, გოჩა შენ წყალს მიხედე" - უთხრა გუბერნატორმა ზურა რუსიშვილმა რაიონის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს. 

 

,,არ ვიცოდი, ბატონო ზურა, თუ აქ წყლის პრობლემაც იყო, სულ 10 ოჯახია და ერთი რომ მოუშვებს, მეორეს არ ყოფნის" - განაცხადა რაიონის გამგებელმა.

 

სოფელში ერთ ონკაში წყალი მართლაც მოდის, მეორე ონკანი საერთოდ გაუქმებულია, მესამე ონკანში კი იმ დროს მოდის, როცა სოფლის თავში მდებარე ონკანი დაკეტილია. დამპროექტებულ კომპანიას მილები მიმდევრობით დაუყენებია და პარალელური მიერთებები არ გაუკეთებია. მართალია, სოფელში ამჟამად 10 კომლი მუდმივად ცხოვრობს, მაგრამ მათ სახლებს შორის დაშორიშორება დიდია. ცხავერი თანაც მთიანი ადგილია. თანასოფლელები ერთმანეთს რომ შეხვდნენ, აღმართ-დაღმართი უნდა გაიარონ.

 

,,საკითხს ორშაბათს შევისწავლი და სამშაბათს დამიკავშირდით" - უთხრა ერთ-ერთ ადგილობრივს გუბერნატორმა და მობილურის ნომერი ჩააწერინა. დაახლოებით 20 წუთიანი საუბრის შემდეგ მხარეები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ჯიპებმა გზა გოსტიბესკენ გააგრძელეს.

 

,,გოსტიბეობა" კი ტრადიციულ ელემენეტებს შეიცავდა, რაც კულტურის სამსახურების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებისთვისაა დამახასიათებელი. შემაღლებულ ადგილზე ყვავილებით და წვენებით სპეციალურიად, ოფიციალური სტუმრებისთვის გაწყობილი მაგიდა იდგა; გვერდით მხარეს სკამებზე თბილისიდან, კულტურის სამინისტროდან ჩამოსული მოხელეები ისხდნენ. ოფიციალური ,,კარავიდან" მარჯვნივ კი ფაცხები იყო, სადაც ხინკალს და მწვადს აკეთებდნენ. ,,ღონისძიებას" ფოლკლორული და საცეკვაო ნომრები ამშვენებდა. სიტყვით გამომსვლელები პატრიოტულ ლექსებს ამბობდნენ.

 

ამასობაში მწვადიც შეიწვა და ხინკალიც ამოიყარა. ორივე უფასო იყო. ყველაფერი რომ მოილია, პარლამენტარი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ონოფრიშვილიც გამოჩნდა. ხელად გააღვივეს ცეცხლი. უხვად დარჩენილი ხორცის და ცომის გამზადებას შეუდგნენ, მაგრამ მალე, მოულოდნელად, ანთებულ ცეცხლს წყალი დაასხეს და ჩააქრეს. ,,არ გინდათ გამზადებაო" - მიიღეს ბრძანება.

 

გაირკვა, რომ ჩინოვნიკები ბიზნესმენ ვინმე რობერტის აგარაკზე წავიდნენ, იქ აივანზე საგანგებოდ გაშლილ გრძელ სუფრას მიუსხდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები