სტატიები
,,რას აკეთებთ, თბილისი უნდა გათიშოთ?" - დაუდევრობის გამო აღმოსავლეთ საქართველო დროებით ჩაბნელდება

 

საკითხი ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ წამოჭრა. გაირკვა, რომ 2014 წლის 10 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამშენებლო კომპანია ,,მშენებელ-კომპლექსს" შორის დაიდო ხელშეკრულება სოფელ აღაიანში მცირე სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის შესახებ. მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც ხელშეკრულება პირდაპირი წესით გამგეობასთან გააფორმა, ადგილზე მისვლისა გაარკვია, რომ შენობა მაღალი ძაბვის ქვეშ მდებარეობს.

 

,,რეკონსტრუქცია ითვალისწინებს სახურავის შეცვლასაც. იქ რომ ადამიანი დადგეს, იმ მაღალ ძაბვას შეეხება და რაღაც უბედურება მოხდება" - განაცხადა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა. ის ამბობს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არ იცოდა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა შენობა.

 

მმართველი გუნდიდან ამ პროექტის წინააღმდეგი მხოლოდ კავთისხევის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი რამაზ ხიზანიშვილი აღმოჩნდა. მან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს ,,ელიავას მუშა" ისე უწოდა, რომ არ იცოდა, თუ დარბაზში იმყოფებოდა.

 

,,ეს ხელშეკრულება რომ დაიდო, არავინ იცოდა, რომ ის შენობა მაღალი ძაბვის ქვეშ გადიოდა? კი არ უნდა გადავუვადოთ, არამედ უნდა დავაჯარიმოთ. მშენებელი კი არა, ელიავას მუშაა. ან პროექტი ვინც შეადგინა, რატომ არგაითვალისწინა ეს საკითხი?" - ამბობდა რამაზ ხიზანიშვილი.

 

მშენებელმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 დღეში, 18 ივლისს საკრებულოს მიმართა თხოვნით, რომ მშენებლობის დაწყება იმ დრომდე გადაევადებინათ, ვიდრე ენერგო-კომპანია მაღალი ძაბვის ხაზებს არ გადაიტანს.

 

ენერგო-პრო ჯორჯიამ გამგეობას ხაზების გადატანის ხარჯი დაუთვალა. ძაბვის ახალი ხაზების გაყვანისთვის 12 ათასი ლარია საჭირო. ამ ხარჯების გაღებაზე კი ენერჰო-პრო წინააღმდეგი წასულა. სამაგიეროდ, გამგეობამ გამოსავალი იპოვა და 12 ათასი ლარის დამატებით გაღება სოფლის პროგრამის თანხიდან გადაწყვიტა. მთლიანად, სოფლის პროგრამის ფარგლებში აღაიანის თემი 20 ათასი ლარით სარგებლობს წელიწადში. სოფლის კრებაზე ,,გადაუწყვეტიათ", რომ მხარდაჭერის პროგრამიდან მორჩენილი 12 ათასი ლარი მაღალი ძაბვის ხაზების გადატანას მოახმარონ.

 

,,ან საკითხის ასე დაყენება ვის მოუვიდა აზრად? მაღალი ძაბვის გადატანა რა გგონია თქვენ? მთელი თბილისი უნდა გათიშოთ?" - ცხარობდა საკრებულოს წევრი, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი რამაზ ხიზანიშვილი. 

 

საბოლოოდ, მშენებელ კომპანიას წერილობითი მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და სამუშაოების დაწყება მაღალი ძაბვის ხაზების გადატანამდე გადაუვადეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები