სტატიები
,,ხალხს ქართული ოცნება შეაჯავრეთ" - აღშფოთებული საკრებულო გამგეობას დაუპირისპირდა

 

,,სად არის კომპანია ,,ნიკუშა +"?!, მოიყვანეთ აქ" - ეს მოთხოვნა აგვისტოს დასაწყისში სოფელ კავთისხევის მაჟორიტარმა წევრმა რამაზ ხიზანიშვილმა დააყენა. შემდგომ, 27 აგვისტოს სხდომაზე,  კომპანიის წარმომადგენლის ნაცვლად გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ნოდარ ნატროშვილი გამოცხადდა.

 

,,რატომ არ აქვს 3 თვე წყალი სამთავისს, წინარეხს, გომს, ეს გამგებელმა არ იცოდა?!" - აცხადებს ხათუნა თათანაშვილი. ,,ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი, ხალხს ,,ქართული ოცნება" შეაჯავრეთ" - თქვა ხათუნა თათანაშვილმა.

 

აღმოჩნდა, რომ სოფლებში 2013 წელს  სასმელი წყლის პროექტები უხარისხოდ შესრულდა. ამ პროექტების 80% კომპანია ,,ნიკუშა +"-მა განახორციელა. დაპირისპირება საკრებულოსა და გამგეობას შორის ჩობალაური-რენე-ნიგოზაში შექმნილმა მდგომარეობამაც გამოიწვია. 

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ხიდისყურში, ჩობალაურში, წინარეხში, გომში, საქადაგიანოში, ცხავერში მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საგანგებო თათბირი 25 აგვისტოს მოიწვია. მან თითოეულ გამგებელს ხარჯთაღრიცხვების წარმოდგენა დაავალა. კერძოდ, უნდა წარმოადგინონ სავარაუდო პროექტები, თუ რომელ სოფელში რა ჭირდებათ: ჭაბურღილი, მილები, რეზერვუარების გაზრდა თუ სხვა რამ.

 

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, მთელს კასპის რაიონში სასმელი წყლის რეაბილიტაციას 8-10 მილიონი ჭირდება. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ 2015 წლისთვის წყლის პრობლემა კასპის რაიონში სრულად მოგვარდება, მათ შორის ქალაქშიც.

 

საკრებულოს წევრები, განსაკუთრებით მმართველი გუნდიდან, აცხადებენ, რომ შექმნილი კრიზისით კვლავ ის კომპანიები ისარგებლებს, რომლებაც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა:

 

,,იმიტომ უნდა იხრჩობოდეს უწყლოდ სოფელ სამთავისი, რომ მერე ფორსმაჟორი შეიქმნას და პირდაპირი ხელშეკრულება დაიდოს კომპანიასთან? ამაშია საქმე. ეს არის საბოტაჟი ისევ იმ ხალხისგან, რომლებიც შემორჩნენ ძველი გამგეობისგან." - აცხადებს თათანაშვილი.

 

სოფლებში წყლის კრიზისი გრძელდება. კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება სოფელი ჩობალაური, სადაც არც სარწყავი წყალია და ბუნებრივი წყაროებიც დაშრა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა სპეციალური ცისტერნებით ჩობალაურში მიტანილი წყლის არაორგანიზებულად დარიგების შესახებ. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები წყალს ქაოსურად, სოფლის გამგებლისა და საკრებულოს დეპუტატის გარეშე, არიგებენ. მანამდე კი წყალი ჯერ სოფლის გამგებლის ეკა მუზაშვილის სახლში მიაქვთ. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის გამგებელი ეკა მუზაშვილი ადგილობრივებს პოლიციით ემუქრება. ,,ერთხელ გავაპროტესტეთ ის ფაქტი, რომ წყალი ჯერ გამგებელთან რატომ მიაქვთ. მაშინვე პოლიციით დაგვემუქრა, ხმამაღალ სიტყვას თურმე რატომ ვეუბნებით" - გვითხრეს ადგილობრივებმა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ სოფლის ცენტრში პოლიციის პიკაპი მივიდა. ასევე ისიც ცნობილი გახდა, რომ გამგებელთან დაახლოებული ზონდერ ჯგუფები არსებობენ. ,,გავაჟღერეთ, რომ საპროტესტო აქცია ავტობანთან გაგვეკეთებინა. ამოვარდა პოლიცია და სოფლის შესასვლელში დადგა." - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის სოფლის გამგებლის მხარდამჭერი ,,ზონდერ ჯგუფების" წევრები ცნობილია. ერთ-ერთი ვინმე მიდელაშვილია. სავარაუდოდ, ის კასპის ,,სუს"-თან (სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ყოფილი ,,კუდი") დაახლოებული პირია. სოფელში ღამით, იარაღის გასროლაც მოხდა.

 

სხვათა შორის, კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც სოფელ ჩობალაურში წყლის ცისტერნები მიაქვთ, იმ დროს სცემეს, როდესაც სოფლის გამგებლის წინ წყლის მანქანა არ გააჩერეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები