სტატიები
რეიდები მარიხუანას წინააღმდეგ - ჯარიმები ადგილობრივ ბიუჯეტში

 

ფოიეში 3 ახალგაზრდა ანკეტას ავსებდა. თითოეულს 300-300 ლარი ჰქონდათ დაკისრებული. ,,ჰო, სასამართლოში ვარ, აგერ 900 ლარი ჩაგვახიეს სამივეს" - უყვებოდა ახლობელს ტელეფონზე. ,,საიდან გადავიხადეთ და ძმაკაცს ჰქონდა, ცოტა ფულიანია" - განაგრძო საუბარი. 

 

ამასობაში გორის პოლიციელების პიკაპი მოვიდა. კაპეზედან 21 წლის სამი ახალგაზრდა ბორკილდადებული მოიყვანეს. რაკი ბორკილდადებულები იყვნენ, ჩანდა, რომ მათი საქმე დამძიმებული იყო. მოყვანილი ახალგაზრდების ინტერესებს ადვოკატები ნინო შავშიშვილი და ვანო სამხარაძე იცავდნენ.

 

,,აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის სახეს. ამიტომ, პროკურატურა შემოდის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით" - განაცხადა პროკურორმა.

 

როგორც გაირკვა, გორის პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდები წმინდაწყლის ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირზე დააკავეს. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ადგილზე 700 გრამი (დაახლოებით ერთი ტომარა) ველურად ნაზარდი კანაფი აღმოაჩინეს. პროკურორის განცხადებით, ადგილზე პოლიციელებმა უკვე ,,მოხარშული მარიხუანა" (ე.წ. მანაგუა) ნახეს.

 

ადვოკატი ნინო შავშიშვილი, რომელიც დაკავებულთაგან ერთ-ერთს იცავდა, ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე 5 წუთის მისული იყო:

 

,,მე წარმოგიდგენთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებამდე 10-15 წუთით ადრე. ის დაფიქსირებულია საფინანსო ორგანიზაცია კრედოს ოფისში, შემდეგ ლიბერთში ბანკში. მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა განვადებით ლეპტოპის გამოტანას. ბანკმა უარი უთხრა, წამოვიდა უბანში, ეძებდა ბიჭებს,  რომ რომელიმეს სახელით გაკეთებინა განვადება. ამ ძებნაში გაარკვია, რომ მისი მეგობრები იმყოფებოდნენ მდინარის პირზე, მივიდა იქ და ამ დროს მიადგა პოლიციაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კავშირშია აღმოჩენილ კანაფთან, არც შეძენაში და არც იმ ბრალდებაში, რაც წარდგენილია." - განაცხადა ნინო შავშვილმა.

 

ნინო შავშვილი ითხოვდა გირაოს გამოყენებას: ,,ის არ არის ის პიროვნება, რომ გამოძიებას მიემალოს. თანაც ჩემს მიერ დასახებულებული გარემოებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მძიმე ზომა გამოვიყენოთ".

 

დანარჩენ დაკავებულების შესახებ პოზიცია ადვოკატმა ვანო სამხარაძემ გამოთქვა: 

 

,,მარიხუანა არ წარმოადგენს ისეთი კატეგორიის ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც საჭიროს გახდის ახალგაზრდა ბიჭების პატიმრობაში გაშვებას. სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, რომ გამოყენებულ იქნეს გირაო. ნუ გავიმეტებთ პატიმრობისთვის" - განაცხადა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ.

 

,,ძალიან მაინტერესებს ადვოკატებისგან იმის გაგება, იციან თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა, რომ ექსპერტიზამ თრობის ქვეშ მათი ყოფნა დაადასტურა?" - ჰკითხა ადვოკატმა ია მეფარიშვილმა ადვოკატებს.

 

მოსამართლე ნინო გერგაულმა სამივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

სასამართლოს კანცელარიაში ერთი კონკრეტული დღის სტატისტიკური მონაცემები მოვითხოვეთ იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარიმის ქვითარი გაატარეს რეგისტრაციაში, მაგალითად, იმ დღისთვის. კანცელარიის თანამშრომელმა ნინო მურადაშვილმა გვითხრა, რომ ამის სტატისტიკას არ აწარმოებენ.

 

როგორც გავარკვიეთ, ჯარიმადაკისრებულებს თანხა ადგილობრივ ბიუჯეტების ანგარიშებზე შეაქვთ. თუ დაკავების ფაქტი ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა, მაშინ ჯარიმები ქალაქის ბიუჯეტში, ხოლო თუ რაიონის ტერიტორიაზე მოხდა, მაშინ გადახდილი თანხები რაიონის ბიუჯეტში მიდის.

 

ასე ხორციელდება პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმების შემთხვევაშიც. იმის გამო, რომ სოფლებში პატრულის ეკიპაჟები ოფიციალურად არ მოძრაობს, რამდენიმე სოფელში, პატრულის მანქანები უკვე გამოჩნდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები