სტატიები
,,რად მინდოდა, თვითონ დედაჩემი ჰყიდის ახალ შარვლებს" - პატიმრობა 20 ლარის ტანსაცმლის ქურდობის გამო

 

მეორე დილით, 6 საათზე, სახლში პოლიციის თანამშრომლები მიადგნენ. უთხრეს, რომ სხვის სახლში აღმოჩენილი მეორადი ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე აკავებენ. არასრულწლოვანმა რომლის სახლში მეორადი ტანსაცმელი იპოვეს, პოლიციას მისცა ჩვენება, რომ ტანსაცმელი ნორუზ ოღლისგან აქვს.

 

დაკავებისას ნორუზ ოღლიმ პოლიციელებს სახლში ახალი ტანსაცმელზე მიუთითა: ,,რად მინდა მეორადები, თურქეთიდან დედაჩემი გზავნის გასაყიდად და თუ მინდა, ამას გამოვიყენებო"

 

გორის სასამართლო ნორუზოღლის საქმის არსებით განხილვას აგვისტოდან შეუდგა. მოსამართლე შორენა წიქარიძემ ბრალდებულს უთხრა, რომ მას ადვოკატის გამოყენების უფლება აქვს: ,,არ მჭირდება დამცველი, საკუთარ თავს მე თვითონ დავიცავ" - უპასუხა ნორუზ ოღლიმ.

 

პროკურორმა ბესიკ ქვარცხამ 10-მდე მოწმის გვარი ჩამოთვალა. მისი თქმით, ეს მოწმეები ნორუზ ოღლის ხელს ადებენ. მათ შორის, მთავარი მოწმე, 15 წლის არასრულწლოვანია. როგორც გაირკვა, 20 ლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი არასრულწლოვანის სახლიდან ,,ამოიღეს".  არასრულწლოვნის ჩვენების საფუძველზე კი 30 წლამდე ასაკის ნორუზოღლი დააკავეს.

 

,,სად იშოვეთ ამდენი მოწმე მაინტერესებს?!" - ვერ დამალა რეაქცია ბრალდებულმა მოწმეების ჩამოთვლის დროს. ,,ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან" - განაგრძო ნორუზ ოღლიმ. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ეს კითხვები შეუძლია მოწმეებს დაკითხვის დროს დაუსვას. მოწმეებს კი მომდევნი სხდომებზე დაკითხავენ.

 

ნორუზ ოღლის პროცესს მისი დეიდა ესწრებოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის დეტალები, სწორედ, მისგან გახდა ცნობილი.

 

,,ჩემი დის შვილი მთელი სამი თვის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა. იქ მუშაობს. სამი თვე რომ გავიდა, ვერ მოახერხა საქართველოში გადმოსვლა და დეპორტი გაუკეთეს. ისევ ვამზადებდით საბუთებს, რომ ხელახლა წასულიყო. დედამისიც იქ იმყოფება, საიდანაც ტანსაცმელს გზავნის გასაყიდად. ახლაც სახლში ვინახავთ იმ ახალ ტანსაცმელს, რომელიც იქიდან გამოგზავნა. უთხრა პოლიციელებს, სირცხვილია რაზე მაკავებთ, ახალი ტანსაცმელი სახლში მაქვსო" - გვითხრა დეიდამისმა.

 

სწორედ დეიდამისისგან გავიგეთ ის ამბავი, რომ დაკავებამდე წინა დღით ნორუზ ოღლის პოლიციის თანამშრომლები გადაუდგნენ ხიდზე და კასპში მისი ყოფნა გაიკვირვეს. ,,ადრე დაკავებული იყო საბუთების გაყალბების ბრალდებით. ეჭვი გვაქვს, რომ ნასამართლეობის გამო დევნის პოლიცია" - განმარტავს ნორუზ ოღლის დეიდა.

 

პროკურორმა განაცხადა, რომ ნორუზ ოღლი ნასამართლევია. პროკურატურისთვის ეს დამამძიმებელი გარემოებაა. მოსამართლე შორენა წიქარიძემ ამის დასადასტურებლად წერილობითი ცნობა მოითხოვა, რადგან შესაძლოა 2012 წლის დეკემბრის ამნისტიის შემდეგ პირისთვის ნასამართლეობა გაქარწყლებულია.

 

რაც შეეხება იმ არასრულწლოვანს, დაკავებულის დეიდას ინფორმაცია აქვს, რომ ბავშვს პოლიცია ბევრ საქმეში ფაქტების გასამყარებლად იყენებს. ,,ჩემი დის შვილი დაკავებულია, გირაოც კი არ გამოიყენეს, ის კი თავისუფალია, რატომ?" - კითხულობს დეიდა.

 

,,კითხვა მაქვს პროკურორთან, რაიმე მოლაპარაკება ხომ არ მიდის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით" - იკითხა მოსამართლემ. ბრალდებული პროკურორის პასუხს არ დაელოდა და განაცხადა: ,,არანაირი საპროცესო, ეგ იმას ნიშნავს, რომ ბრალი ვაღიარო? რა უნდა ვაღიარო?" 

 

საქმის დამატებითი დეტალები კი მომდევნო სხდომებზე გახდება ცნობილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები