სტატიები
რესურს-ცენტრის შუამდგომლობის ძალა - ცრემლიანი სასწავლო წელი ხიდისთავის სკოლაში

 

რესურს-ცენტრმა ,,შუამდგომლობა", მხოლოდ, ორ პედაგოგს - თამარ მაისურაძეს და მანანა დაღელაშვილს გაუწია, დანარჩენ ორს - თეა ნონიკაშვილს და მერი კაკაშვილს ეს ,,შუამდგომლობა" არ ერგოთ. ,,დააგვიანდათ" - ასე გვითხრა სკოლის დირექტორმა.

 

ეს საინტერესო სქემა იმ დროს შემუშავდა, როდესაც საინფორმაციო საშუალებებით გათავისუფლებული პედაგოგების შესახებ სტატიები და ვიდეოები დაიდო. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგების მიერ იქ გამოთქმული მოსაზრებებით, მისი ღირსება შეილახა.

 

მართალია, რესურს-ცენტრის უფროსი ამ სქემის გაშიფვრით გაოცებულია, მაგრამ მის სახელზე დაწერილი წერილებიდან ერთ-ერთი ასლი ხელთ ჩაგვივარდა, სადაც, პედაგოგები სწორედ შუამდგომლობის გაწევას სთხოვენ.

 

,,ვიყავით აღელვებული,  და გთხოვთ გაგვიწიოთ შუამდგომლობა სკოლის დირექტორთან და თუ შესაძლებელია გაგვიგრძელოს ხელშეკრულება" - სწერს პედაგოგი მანანა დაღელაშვილი რესურს-ცენტრის უფროსს ზურაბ ქარელს. ანალოგიური შინაარსიით მთავრდება პედაგოგ თამარ მაისურაძის წერილიც.

 

ზურაბ ქარელმა წერილი ,,რეაგირებისთვის" სკოლის დირექტორს ბესარიონ ცერცვაძეს გადაუგზავნა. ცერცვაძემ ორივე პედაგოგი სკოლაში დააბრუნა, ხოლო თეა ნონიკაშვილმა და მერი კაკაშვილმა ასეთი შინაარსის წერილები არ შეადგინეს: ,,არც ეს მეთაკილება, მაგრამ არაფერი გვაქვს საბოდიშო" - ამბობს თეა ნონიკაშვილი.

 

რესურს-ცენტრის უფროსი ამბობს, რომ გათავისუფლებული პედაგოგების წერილების გადაგზავნა სკოლაში ,,შუამდგომლობას" არ ნიშნავს.

 

ზურაბ ქარელი: - ,,ჩვენ სკოლის საქმიანობაში არ ვერევით"

 

კითხვა: ,,მაშ, რატომ მოგმართეს თხოვნით?"

 

ზურაბ ქარელი: - ,,ალბათ, ასე ჩათვალეს საჭიროდ"

 

რესურს-ცენტრის უფროსმა ,,კომპეტენტური" პასუხის მისაღებად რესურს-ცენტრის იურისტს (გვარი და სახელი ვერ ჩავინიშნეთ) შეგვახვედრა. მან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმის არგუმენტად მოიშველია, რომ პედაგოგების ,,საბოდიშო" წერილები ქვემდებარეობით სკოლას ეკუთვნოდა. 

 

ჩვენს კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე, შუამდგომლობის გაწევის მოთხოვნით, შედგენილი წერილების გადამისამართება სკოლის დირექტორითვის შუამდგომლობის გაწევას, იურისტმა გვიპასუხა, რომ ეს არა თუ ,,შუამდგომლობას", არამედ ,,რეაგირებას" ნიშნავდა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები