სტატიები
დოესში მომხდარ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

 

დოესში სისხლიანი გარჩევა 2014 წლის 28 მარტს მოხდა. ბრალდებული, რომელიც თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდა, სოფლის განაპირას ბაღებში ადგილობრივ ახალგაზრდებს სპეციალურად შეხვდა. ,,თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ შერიგება კი არა, ხედავთ რითიც დამთავრდა" - გვითხრა ინციდენტიდან მეორე დღეს ერთ-ერთი დაჭრილის ნათესავმა. იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი სამი დოესელიდან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის ჩხუბის დროს დანით დაიჭრა და კასპის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ აპრილის დასაწყისში დააკავეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა და 3 დოესელის დაჭრა მოხდა, ბრალდებულს ეკუთვნოდა. ,,მომხდარ ფაქტს ადასტურებს უამრავი მოწმე" - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც დაზარალებული მხარის სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს. 

 

თბილისელი და დოესელი ახალგაზრდების დაპირისპირების ისტორია მედიისთვის უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიქტი, ბოლო საქმის გარჩევამდე, რამდენიმე თვის წინ დაწყებულა.

 

დაკავებულებს ადვოკატები ზურაბ თოდუა და დავით მოდებაძე იცავენ.  სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, რომ პროცესი ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ. ვიდრე მოსამართლე ნინო გერგაული ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, მანამდე პროკურორმა 10-მდე მოწმის საქმიდან ჩამოცილება მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, წინა სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარის 30-ზე მეტი მოწმის გვარი და სახელიც ჩამოთვალა.

 

,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულის ინტერესების დამცველი შეხვდა პროკურატურის მოწმეებს, ჩამოართვა მათ ახსნა-განმარტებები. ამ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული გარემოებები ეწინააღმდეგება წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქმიდან რამდენიმე მოწმე ჩამოცილდეს" - აღნიშნა პროკურორმა.

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველის განცხადებით, ადვოკატებს მოწმეებთან გასაუბრების სრული უფლება ჰქონდა. ,,როდესაც ჩემთან ბრალდებულის წარმომადგენლები მოვიდნენ და ადვოკატად ჩართვა მთხოვეს, თანხმობის მიცემამდე, ჩავედი სოფელში, შევხვდი ადამიანებს, გავესაუბრე საქმეში წარმოდგენილ მოწმეებს და ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბრალდებული საჭიროებს დაცვას. ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებით არ იკვეთება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა.  ჩვენი მოთხოვნაა, რომ ისინი მოწმეთა სიიდან არ იქნას ამოღებული" - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სასამართლოდან აცნობეს, რომ ნინო გერგაულმა საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულებს უკვე გადაუგზავნა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები