სტატიები
,,დაზღვეულ ფერმერს ევროპაში სეტყვა უხარია" - რჩევა ქარელში

 

ის რაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ბროშურებში გლეხებისთვის რთულად გასაგებ ენით წერია, მათმა წარმომადგენელმა ზაზა ბარბაქაძემ მარტივად ახსნა:

 

,,მაგალითად, მე მაქვს 10 ათასი ლარის ღირებულების მოსავალი მოსაყვანი. დაზღვევის შემთხვევაში ფერმერი სადაზღვევო კომპანიას საერთო ღირებულების 8% გადაუხდის. ამ 8%-ის თანხის 60-72%-ს კი სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. სეტყვის, ქარიშხლის და ყინვის შემთხვევაში, ფერმერს დანაკარგს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ფერმერს 90% უნაზღაურდება" - განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.

 

,,ე.ი. სეტყვა უნდა გვიხაროდეს" - გაისმა რეპლიკა სხდომაზე.

 

,,დედას გეფიცები ეგრეა რა, ევროპაში ფერმერს სეტყვის მოსვლა და მოსავლის განადგურება უხარია. ჩემი თვალით ვნახე. იყო მშვიდად, რადგან გასაკეთებელი აღარაფერი ჰქონდა. ანაზღაურებას ელოდებოდა მარტო" - უპასუხა ბარბაქაძემ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს. პირველ სექტემბერს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის, ალდაგი, აი სი ჯგუფს, ირაოსა და ქართუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებისას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი.

 

პროექტში ჩართული იქნება ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი ექნება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. აგროდაზღვევის კოორდინატორი იქნება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

იხ. დოკუმენტის ორიგინალური ვერსია: http://apma.ge/documents/agrodazgveva.pdf

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები