სტატიები
გაუჩინარებული 11 ცალი ,,Glock"-ის ტიპის პისტოლეტი გორში

 

საქმე იმაშია, რომ 2014 წლის 7 ოქტომბერს, ამ საქმეზე დაკავებულ სამ პირს თეიმურაზ გ-ს, ზურაბ გ-ს და ნიკო კ-ს, 10-მდე ეპიზოდზე, განაჩენი გამოუტანეს. გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

პროკურატურის სქემა ასეთია: კონკრეტული პირები თბილისში ,,გლოკ 17" და ,,გლოკ 19" ტიპის იარაღებს ოფიციალურად ყიდულობენ, შემდეგ, გორში, შედარებით დიდ ფასად  ,,არაოფიციალურად" ასაღებდნენ. პროკურატურის მიერ დათვლილი, დაახლოებით 11 ცალი ,,გლოკის" პისტოლეტი ,,დაუდგენელ პირებზე" გასაღდა. მართალია, იარაღის გასაღებაში ბრალდებულებმა  გასაღების ,,არაოფიციალური" ფაქტი აღიარეს, თუმცა 11 ცალი პისტოლეტის შემსყიდველების ვინაობა უცნობი დარჩა.

 

7 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით, საქმეში სულ 15 ცალი  პისტოლეტი ჩანს, აქედან, პროკურატურამ, საცხოვრებელ სახლებში, მხოლოდ, 4 ცალი ნახა. დანარჩენი ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზეა".

 

ასე მაგალითად:

 

1. ეპიზოდი

 

2013 წლის 28 ნოემბერს თეიმურაზ გ-მ გიორგი მ-სგან შეძენილი ,,გლოკ 17" და ,,გლოკ 19"-ის პისტოლეტები გამოძიებით დაუდგენელ პირზე გაასაღა. პროკურატურის ინფორმაციით, თეიმურაზ გ-მ ეს იარაღი არაოფიციალურად შეიძინა და ასევე არაოფიციალურად გაასაღა. 

 

2. ეპიზოდი

 

2013 წლის 16 დეკემბერს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად დავით ხ-სგან ,,გლოკ 17" და ,,გლოკ 19"-ის პისტოლეტები შეიძინა და, იმავე დღესვე"  გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

 

3. ეპიზოდი

 

2013 წლის 24 ივნისს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად ზაქარია ბ-სგან შეიძინა ორი ცალი ,,გლოკ 19"-ის პისტოლეტი და იმავე დღესვე გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

 

4. ეპიზოდი

 

2013 წლის 17 დეკემბერს თეიმურაზ გ-მ არაოფიციალურად ლაშა ა-სგან შეიძინა ,,გლოკ 17" და ,,გლოკ 19"-ის პისტოლეტები და, იმავე დღესვე, არაოფიციალურად გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაასაღა.

 

5. ეპიზოდი

 

2013 წლის 1 აგვისტოს თეიმურაზ გ-მ ბეჟან მ-სგან შეიძინა ერთი ცალი ,,გლოკ 19"-ის პისტოლეტი და, იმავე დღეს, გამოძიებით დაუდგენელ პირზე გაასაღა.

 

6. ეპიზოდი

 

2013 წლის 13 ივნისს თეიმურაზ გ-მ გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შეძენილი ,,გლოკ 17" და ,,სტეჩკინ აპს" გაასაღა, ასევე,  გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

როგორც ვნახეთ, აღნიშნულ 6 ეპიზოდზე ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზე" გასაღებულია 11 ცალი პისტოლეტი.

 

რაც შეეხება დანარჩენ იმ 4 პისტოლეტს, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს,  პროკურატურის მტკიცებით, ამოღებულია ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან. ამ შემთხვევაში, ცნობილი ისაა, რომ 4 პისტოლეტი შეძენილია თბილისში ზურაბ გ-ს და ნიკო კ-ს მიერ, რომლებმაც შემდეგ თეიმურაზ გ-ს არაოფიციალურად 500-500 დოლარად  მიჰყიდეს. 

 

აღნიშნულ საქმეზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნინო შავშვილმა განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია. ,,რა უტყუარი მტკიცებულებებიც არსებობს საქმეში, კერძოდ, საუბარია, ნივთმტკიცებად ამოღებულ და ფიზიკურად არსებულ იარაღზე, ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ განაჩენი სამართლიანია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ბრალი აღიარეს და იყო გარკვეული შემამსუბუქებელი გარემოებებიც. რაც შეეხება გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გადაცემულ იარაღებს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და გამოძიების საქმეა თავისთავად" - გვითხრა ნინო შავშიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები