სტატიები
,,ნუ დამაბრუნებთ უკან" - დიცთან დაკავებული რუსი ახალგაზრდა თავშესაფარს ითხოვს

 

,,როდესაც პირველად ვცადე საგუშაგოების მხრიდან გამოსვლა, არ გამომიშვეს. უკან დამაბრუნეს. ჩავიმალე ბაღებში, შემდეგ ბაღების გზას გავუყევი და ამ გზით გადმოვედი აქეთ. ამის შემდეგ დამაკავეს. ეს მოხდა დღისით" - ამბობს ევგენი მელი. თუმცა, სამართალდამცავები წერენ, რომ ევგენი მელის დაპატიმრება ღამის საათებში მოხდა.

 

რუსეთის მოქალაქეს საქართველოს სამართალდამცავებმა ბრალი საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 322 პრიმა მუხლის საფუძველზე წაუყენეს. მუხლის ფორმულირება ასეთია: ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. 1. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი არ ვრცელდება აგრეთვე პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე"

 

ევგენი მელმა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს განუცხადა, რომ მას სურს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან:

 

,,იქ სერიოზული პრობლემები მაქვს. მირჩევნია, პატიმრობაში დავრჩე აქ, ვიდრე იქ დავბრუნდე. მქონდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნებული, სახელწოდებით ,,ტერიტორიულ საზოგადოებრივი გაერთიანება". როგორც კი ამის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცავებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ვაცნობე, დაიწყო ჩემი დევნა და შევიწროება. იძულებული გავხვდი ეს ნაბიჯი გადამედგა" - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

 

საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეს, დაკავებისას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ამავე მასალების მიხედვით, ეს დაზიანებები საზღვრის გადმოკვეთამდე მიიღო.

 

ამ ეტაპზე გორის რაიონული სასამართლო შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ევგენი მელს დევნილის სტატუსს მიანიჭებს და თავშესაფარს მისცემს, 322-ე პრიმა მუხლით წარდგენილი ბრალი მოეხსნება. ამისათვის, მოსამართლე 3 კვირას დაიცდის. საქართველოში დევნილის სტატუსის მიღება, წინასწარ გამოძიების პროცესში, დაკავებულმა ოფიციალურად არ მოითხოვა, ამის მიზეზად, საქართველოს კანონმდებლობის უცოდინრობა დაასახელა. წინასწარი გამოძიების მასალებში ევგენი მელი მხოლოდ იმას უთითებს, რომ მას პრობლემები ჰქონდა სამშობლოში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები