სტატიები
რა მოტივით შლიან სუფრებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან

 

თანხები წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაიწერა. დოკუმენტები ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა გაასაჯაროვა და 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა მხოლოდ.

 

შუქნიშნების ადგილების შესარჩევად, პირველად, ხაშურში შპს ,,საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის" წარმომადგენელი 2013 წლის იანვარში ჩავიდა. მისი გამასპინძლება რესტორანში 107 ლარი და 20 თეთრი დაჯდა.

 

იანვარში რომ ადგილები ვერ შეარჩიეს, ამ მიზნით, დედალაქიდან თებერვალში კიდევ ორი ვიზიტი განხორციელდა. ამჯერად ჯერ 2013 წლის 11 თებერვალს, ხოლო შემდეგ 2013 წლის 28 თებერვალს საავტომობილი დეპარტამენტის და საგზაო პოლიციის ორი წარმომადგენელი ჩავიდა. საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენლის გამასპინძლება 65 ლარი და 90 თეთრი დაჯდა, ხოლო საგზაო პოლიციისა - 262 ლარი და 90 თეთრი.

 

 ადგილების შესარჩევად ვიზიტი ამით არ დამთავრებულა. 2013 წლის 14 მარტს ხაშურში საგზაო მოძრაობის ნიშნების ადგილების შესარჩევად, ამჯერად, უცნობი ორგანიზაციიდან სტუმარი ჩავიდა. ეს ვიზიტი 74 ლარისა და 20 თეთრის ღირებულების სუფრის გაშლით დამთავრდა.

 

იმავე დღეს, 2013 წლის 14 მარტს ხაშურში კიდევ ერთი პიროვნება ლამპიონების დასამონტაჟებელი ადგილის შესარჩევად ჩავიდა, რომლის სუფრით გამასპინძლება 75 ლარი და 20 თეთრი დაჯდა.

 

2013 წლის 7 აპრილს ხაშურში ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა ჩავიდა, რომელთა გამასპინძლება 497 ლარი და 50 თეთრი დაჯდა.

 

2013 წლის 31 ოქტომბერს სოფლების: წაღვლის, ჩორჩანას და ყობის შემოვლა-დათვალიერების გამო, სამთავრობო დელეგაციის გამასპინძლება 446 ლარი დაჯდა.

 

2013 წლის 15 ნოემბერს სამინისტროს წარმომადგენლების სხვა თანხმლებ პირებთან ერთად სტუმრობა 519 ლარი დაჯდა.

 

სულ 2013 წელს ხაშურის ბიუჯეტიდან 4 357 ლარის ღირებულების წარმომადგენლობითი ხარჯი ,,გაიშალა".

Print

სტატიის გამოყენების პირობები